Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში არ დავუშვებთ სანქცირებული ტვირთის გატარებას


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში არ მოხდება რაიმე სახის სანქცირებული ტვირთის გატარება. მან ქვემო ქართლში სხვადასხვა ობიექტის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრის დროს უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

"მინდა ცალსახად განვაცხადო, რა თქმა უნდა, საქართველო არასოდეს არ დაუშვებს იმას, რომ რაიმე სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს და მით უმეტეს, რამდენად აბსურდულია ეს ბრალდება, რომ თითქოს მთავრობა არის ამაში ჩართული. ეს ხომ სრული აბსურდია. ამაზე, რა თქმა უნდა, სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ რაიმე სანქცირებული პროდუქტების, საქონლის გატანას ჩვენი ტერიტორიის გამოყენებით. ეს არის ძალიან მკაფიო, ცალსახა პოზიცია", - თქვა ღარიბაშვილმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა 4 აპრილს განაცხადა, რომ სანქციების გვერდის ავლით, რუსები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გავა საქართველოს ტერიტორიაზე. უკრაინული დაზვერვის მტკიცებით, საქართველოს სპეცსამსახურებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.

უკრაინის მხარის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე დღეს, 5 აპრილს უპასუხა.

"მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით. საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ამგვარი დანაშაულის ნებისმიერ შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით", - განაცხადეს სუსში.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბებოდა არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიც. ქალაქ ბუჩიდან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა10-ობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ამ ომში 150-ზე მეტი ბავშვია მოკლული.

XS
SM
MD
LG