Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"TV პირველი", "მთავარი" და "ფორმულა" აცხადებენ, რომ PR-მა ღარიბაშვილის ვიზიტზე არ აცნობა


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ქვემო ქართლში საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონული ტურნეს გასაშუქებლად არ მიიწვიეს ნაწილი ქვეყნის დიდი ტელემაუწყებლებისა, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული კითხვებით გამოირჩევიან. სხვა საკითხებს შორის, ეს იქნებოდა საშუალება იმისთვის, რომ კრიტიკულ მედიასაშუალებებს პირველად დაესვათ ირაკლი ღარიბაშვილისთვის კითხვა უკრაინის დაზვერვის მიერ გაჟღერებულ ბრალდებაზე.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა 4 აპრილს განაცხადა, რომ სანქციების გვერდის ავლით, რუსები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გავა საქართველოს ტერიტორიაზე. უკრაინული დაზვერვის მტკიცებით, საქართველოს სპეცსამსახურებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.

ტელეკომპანია "მაესტროს" გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პრემიერის ვიზიტს აშუქებდნენ: საზოგადოებრივი მაუწყებლის, "იმედის", "პოს ტვ"-ისა და "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები. ამ ტელევიზიებს მმართველი გუნდის წარმომადგენლები ტელეეთერებში ხშირად სტუმრობენ, მათ შორის არის პრემიერ-მინისტრიც.

"TV პირველის" მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე "ფეისბუკზე" გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ ამ ხერხს იყენებს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი დამოუკიდებელი მედიის დევნისთვის და ზღუდავს მედიის უფლებას, მოიპოვოს და გაავრცელოს ინფორმაცია.

"ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ხდება, ცნობილი რუსი პროპაგანდისტის, სანქცირებული პირის, მარგარიტა სიმონიანის შემუშავებული და დამკვიდრებული მეთოდებით ბრძოლა (საჯარო ღონისძიებებზე არ მიწვევა, პრესკონფერენციების შესახებ ინფორმაციის დამალვა და პარლამენტში მუშაობის აკრძალვა), რაც წარმოადგენს არადემოკრატიული მმართველობის უპირველეს სიმპტომს და უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს თავისუფალ მედიას", - აცხადებს მელაძე.

"მთავარი არხის" პროდიუსერი თეო გილიგაშვილი რადიო თავისუფლებას უხსნის, რატომ არის მნიშვნელოვანი მსგავს ღონისძიებებზე მათი დასწრება.

"ასე ხდება მაშინ, როცა კრიტიკული კითხვების თავიდან არიდება უნდათ... ჩვენ არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს დავუსვათ კითხვები მთავრობის სხდომის შემდეგაც კი. ჩამოჰყავთ მხოლოდ ის მინისტრები, ვინც მათ უნდათ. ამბობენ, რაც უნდათ და გარბიან. სხვა საშუალება ჩვენ კითხვების დასმის არ გვაქვს", - ამბობს თეო გილიგაშვილი.

ბოლო რამდენიმე თვეა ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ ყოფილა სტუმრად "მთავარი არხისა" და "TV პირველის" ეთერებში, "ფორმულასთან" კი - მისი დაფუძნების დღიდან მხოლოდ ერთხელ სტუმრობდა მინისტრი.

"გავიგეთ პრესსამსახურის მიერ დაგზავნილი მეილებით, რომ რუსთავში მოინახულა სანაოსნო სკოლა. მოგვიანებით მოვისმინეთ კომენტარიც. ჩვენ არ ვიცოდით, არ გავუფრთხილებივართ", - უთხრა რადიო თავისუფლებას "ფორმულის" საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერმა, ხათუნა საღინაძემ.

რადიო თავისუფლება ამ საკითხზე დაუკავშირდა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს, მათი პასუხი, მიღების შემთხვევაში, მასალაში აისახება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამ სამ ტელეარხს არ ეპატიჟებიან სამთავრობო ღონისძიებაზე. ასე იქცევა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სამინისტროს ორგანიზებულ ღონისძიებებზე. კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი, ბოლო რამდენიმე თვეა, არ პასუხობს არც რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებს.

XS
SM
MD
LG