ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სამი სატელევიზიო არხის - "TV პირველის", "მთავარი არხისა" და "ფორმულას" ჟურნალისტები კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე არ დაპატიჟეს და მოგვიანებით არც მინისტრის კომენტარის ჩაწერის საშუალება მისცეს. ტელევიზიების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ამის მიზეზად მათი "უღირსობა" დასახელდა.
ჟურნალისტი: რატომ არ დაგვპატიჟეთ?
მინისტრი თეა წულუკიანი: იმიტომ, რომ უღირსი ტელევიზია ხართ.
მსგავსი პასუხი გასცეს ჟურნალისტს ასევე კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა და იმ გალერეის ხელმძღვანელმა, რომელშიც ღონისძიება იმართებოდა.
ღონისძიებაზე ოპერატორის გარეშე შესვლა შეძლო "TV პირველის" ჟურნალისტმა გიორგი ხუხიამ, რომელმაც მინისტრს ჰკითხა, რატომ არ უშვებდნენ მის ოპერატორს კომენტარის ჩასაწერად.
"აბა, მე რა ვიცი... დადექი და ჩაგეწერები... აი, პრესსამსახურს ელაპარაკეთ", - უთხრა მინისტრმა ჟურნალისტს.
გიორგი ხუხიას გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას მინისტრისთვის კითხვის დასმაში ხელს უშლიან დაცვის თანამშრომლები და გალერეის ხელმძღვანელი.
"გამოდი აქეთ, რა საქციელია ეს? მე დირექტორი ვარ... არ შემოგიშვებ [კამერით], იმიტომ რომ არ ხართ არსად შესაშვები", - მიმართავდა გალერეის ხელმძღვანელი ჟურნალისტს.
რადიო თავისუფლებას მომხდარზე კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელთან კომუნიკაცია სურდა, თუმცა რუსო უშიკიშვილმა სატელეფონო ზარებს კვლავ არ უპასუხა.
კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ამ ღონისძიებას დაესწრნენ: "იმედის", "პირველი არხის", "რუსთავი 2"-ის, "პოს ტვ"-ისა და "ობიექტივის" გადამღები ჯგუფები.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა "TV პირველის", "მთავარი არხისა" და "ფორმულას" ჟურნალისტებს არ უშვებენ კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. ამ ღონისძიებებს შესახებ ინფორმაციას სხვა მედიასაშუალებებიც ხშირად ტელეეთერებიდან იგებენ.