Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკი: აღარ შემიძლია ტირილი


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

იტირეთ, როცა ბუჩის და კრამატორსკის კადრები ნახეთ? - ჰკითხა უკრაინის პრეზიდენტს გერმანული გამოცემა BILD.DE-ს ჟურნალისტმა.

„აღარ შემიძლია ტირილი, თუმცა მსხვერპლთან შეგუება შეუძლებელია“, - უპასუხა მას ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკი ამბობს, რომ ის გრძნობს სიძულვილს რუსეთის მიმართ, რუსი ჯარისკაცების მიმართ, როცა ამ სურათებს ხედავს:

„მოკლული ბავშვები ფეხების გარეშე, ხელების გარეშე. ეს სიძულვილია, საშინელებაა“, - ამბობს ზელენსკი.

ჟურნალისტმა მას ასევე ჰკითხა, უკრაინის რამდენ სოფელსა და ქალაქში ჩაიდინეს რუსეთის ჯარებმა მსგავსი სამხედრო დანაშაულები, რაზეც ზელენკსის პასუხია, რომ ეს ჯერ უცნობია.

„რა ხდება ამ სოფლებში სამხრეთით, ხერსონთან, ზაპოროჟიესთან და აღმოსავლეთით - არ ვიცით. ბევრი ქალაქი უბრალოდ მთლიანად განადგურდა. არც სახლები, არც ხალხი - არ ვიცი, რას ვიპოვით იქ“, - ამბობს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან ვლადიმირ პუტინთან, რადგან მხოლოდ მას შეუძლია ომის შეჩერება.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეეფასებინა თავისი ორი ფოტო - ომამდე და ბუჩაში ჩასვლის შემდეგ, ზელენსკიმ განაცხადა: „ეს ორი სხვადასხვა ადამიანია“.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბებოდა არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიც. ქალაქ ბუჩიდან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა 10-ობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. მოკლულთაგან ბევრი ეზოებში, ქუჩებსა და საკუთარ სახლებში იყო დახვრეტილი. ბევრ მათგანს ზურგს უკან ჰქონდა ხელები შეკრული. რუსეთი უარყოფს ბრალდებებს და ბუჩის ტრაგედიას „დადგმულს“ უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG