Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანატოლი ბიბილოვი მხარს დაუჭერდა საბჭოთა კავშირის აღდგენას


ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსულ სააგენტო TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მხარს დაუჭერდა საბჭოთა კავშირის აღდგენას.

„რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერდი. მადლობა ღმერთს, მე ვცხოვრობდი სსრკ-ს პერიოდში და მინახავს ის დამოკიდებულებები, რომლებიც ადამიანებს ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ. მაშინ ჩვენ არ განვასხვავებდით ეროვნებას. ვცხოვრობდით როგორც ერთი დიდი ოჯახი“, - თქვა მან.

საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის თქმით, „1930-იან წლებში მნიშვნელოვანი გადაცდომები იყო, თუმცა, საბჭოთა კავშირმა დიდი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არა მხოლოდ მისი მოქალაქეებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“.

ბიბილოვმა ამ ინტერვიუში ე.წ. სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შესაძლებლობაზეც ისაუბრა - მისი თქმით, ეს შეუძლებელია, რადგან „მენტალურად რესპუბლიკა არასოდეს ყოფილა ამ ქვეყნის ნაწილი“. მისი სიტყვებით, ოსი ხალხისთვის ეს „თვითმკვლელობა“ იქნება.

საქართველოსთან მიმართებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ „აშშ-ის მხრიდან ზეწოლის შემთხვევაშიც კი, საქართველო სამხრეთ ოსეთში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტს არ გახსნის, რადგან ასეთ შემთხვევაში ოფიციალურ თბილისს „სერიოზული პრობლემები შეექმნება“:

„რატომ უნდა შეიძლება გახსნას საქართველომ რაიმე სახის "მეორე ფრონტი". როგორც ამბობენ, ეს ნიშნავს საკუთარ ფეხში სროლას, ამ შემთხვევაში, შესაძლოა თავშიც“, - თქვა მან TASS-თან ინტერვიუში.

რუსულ სააგენტოსთან ინტერვიუში ბიბილოვი შეეხო რუსეთთან შეერთების რეფერენდუმის საკითსაც, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკაში აქტიურად განიხილება.

ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაერთიანება "რესპუბლიკის" სტრატეგიული მიზანია. გარდა ამისა, ბიბილოვს მიაჩნია, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემთხვევაში ე.წ. სამხრეთი ოსეთი ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონთან უნდა გაერთიანდეს და ამით აღდგეს ერთიანი ოსეთი.

თუმცა, მისივე სიტყვებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთში შესვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საკითხი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ჯერ არ განხილულა.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 10 აპრილს დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. ბიბილოვი მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG