Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის საკრებულოში კრიზისი გრძელდება


ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზი. 2022 წლის 12 აპრილი.
ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზი. 2022 წლის 12 აპრილი.

ბათუმის საკრებულომ ვერ შეძლო მისი ახალარჩეული მაჟორიტარი წევრის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობა. დღეს, 12 აპრილს დანიშნულ სხდომაზე, კვორუმი არ შედგა.

საკრებულოს სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს ოპოზიციური პარტიების - „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და „საქართველოსთვის“ წევრებმა. ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში კვორუმისთვის საჭიროა სხდომაზე სულ მცირე 18 დეპუტატის შეკრება. საკრებულოში ამდენი წევრი არც "ქართულ ოცნებას" ჰყავს და არც მის ოპოზიციას. ამის გამო, ბათუმის საკრებულო უკვე ნახევარი წელია ვერ ახერხებს თავმჯდომარის არჩევასაც.

დღევანდელი სხდომის მოწვევის ინიციატორი იყო "ქართული ოცნება". სხდომისთვის ბოიკოტის გამოცხადება ასე ახსნა ბათუმის საკრებულოს წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან", რევაზ ხარაზმა:

„ჩვენ არ გვაქვს უფლება "ქართული ოცნების" სისხლით მოპოვებული მანდატი ვაღიაროთ. ვალდებულები ვართ ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნისადმი“.

2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარ წევრად "ქართული ოცნებიდან" არჩეული რამაზ ჯინჭარაძე 2021 წლის ნოემბერში გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის ადგილმონაცვლეა. თანაპარტიელის გარდაცვალებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები უკავშირებენ "ქართული ოცნების" ზეწოლით გამოწვეულ ნერვიულობას.

ბათუმის საკრებულოს დღევანდელი სხდომის ჩაშლის შემდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ თენგიზ აფხაზავამ პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოსთვის“ შეთანხმებულ მოქმედებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი "უარს ეუბნებიან ხალხის არჩევანს - 70 პროცენტით მხარდაჭერილ კანდიდატს".

  • 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, 16 მანდატი მიიღო "ქართულმა ოცნებამ" და საერთო ჯამში, 19 ოპოზიციამ: "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 15, პარტიამ "საქართველოსთვის" - 3 და "ლელომ" - 1.
  • ოქტომბრის ბოლოს, პარტია "საქართველოსთვის" პროპორციული სიით არჩეულმა ირაკლი თავდგირიძემ პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ საკრებულოში დამოუკიდებელ წევრად იმუშავებს. თავდგირიძემ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მისთვის მიუღებელია "ნაციონალურ მოძრაობასთან" და "ლელოსთან" ნებისმიერი სახით თანამშრომლობა და მით უმეტეს, მათთან კოალიცია.
  • ირაკლი თავდგირიძის გადაწყვეტილების შემდეგ, ოპოზიციას ბათუმის საკრებულოში 18 წევრი დარჩა, თუმცა, ნოემბერში გარდაიცვალა საკრებულოს მაჟორიტარ წევრად „ნაციონალური მოძრაობიდან არჩეული“ ნუგზარ ფუტკარაძე.
  • დეპუტატის გარდაცვალების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გამოაქვეყნეს აუდიომასალა, რომელიც, მათი ინფორმაციით, ფარულად ჩაიწერა თავად ნუგზარ ფუტკარაძემ. ჩანაწერის მიხედვით, ორი პირი მესამეს, სავარაუდოდ, ნუგზარ ფუტკარაძეს სთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვოს და ბათუმის საკრებულოში მუშაობა დამოუკიდებელ წევრად გააგრძელოს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თანაპარტიელის გარდაცვალება დაუკავშირა „ქართული ოცნების“ ზეწოლით გამოწვეულ ნერვიულობას, რაც მმართველ პარტიაში კატეგორიულად უარყვეს.
  • ნუგზარ ფუტკარაძის ადგილმონაცვლის ასარჩევად 2022 წლის 2 აპრილს, ბათუმის მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში ჩატარდა შუალედური არჩევნები, რომლის შედეგს უნდა გადაეწყვიტა, დარჩებოდა თუ არა ოპოზიციას უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში.
  • შუალედურ არჩევნებში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის ვაჟი, მათე ფუტკარაძე.
  • ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, შუალედურ არჩევნებში რამაზ ჯინჭარაძემ გაიმარჯვა ხმების 69.04%-ით.
XS
SM
MD
LG