Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის მერის თქმით, მგზავრობის გაძვირებისთვის "ინტერ ტრანსი" 1100 ლარით დაჯარიმდება


ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მერი.
ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მერი.

კომპანია "ინტერ ტრანსი", რომელსაც რუსთავიდან თბილისში და უკუმიმართულებით ე.წ. ყვითელი სამარშრუტე ტაქსებით გადაჰყავს მგზავრები, 1100 ლარით დაჯარიმდება - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ უთხრა. დღეს, 12 აპრილის დილიდან, თბილისისა და რუსთავის დამაკავშირებელ საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე მგზავრობის საფასური გაძვირდა.

"შევხვდი "ინტერ ტრანსის" წარმომადგენლებს საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატებთან ერთად. მათ აქვთ ვალდებულება, რომ ერთი თვით ადრე მოგვმართონ ფასთან დაკავშირებით. ეს ვალდებულება დაირღვა, გუშინ შემოვიდა ფასის ზრდაზე წერილი", - ამბობს ნინო ლაცაბიძე.

რუსთავის მერმა რადიო თავისუფლებას აუხსნა, რომ კომპანია მგზავრთა გადაყვანის უფლების 11 ლოტს ფლობს, ხელშეკრულების პირობებით კი, თითოეულ ლოტზე ფასის გაზრდისთვის ჯარიმა 100 ლარია.

კითხვაზე, საწვავის ფასის გაზრდა არის თუ არა ის არგუმენტი, რის გამოც შეიძლებოდა მგზავრობის ღირებულება მათთან შეუთანხმებლად გაზრდილიყო, მერი ასე უპასუხებს:

"ხელშეკრულებაში წერია, რომ ფასის ცვლილებაზე მუნიციპალიტეტი უნდა გააფრთხილონ... ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ვალდებულები ვართ, საჯარიმო სანქციები გამოვიყენოთ და ამას აუცილებლად გამოვიყენებთ".

კომპანიაში მგზავრობის ღირებულების ზრდის მიზეზად გაძვირებულ საწვავს და ტრანსპორტისთვის საჭირო სხვა მომსახურებაზე გაზრდილ ფასს ასახელებენ.

"ბოლო პერიოდში ქვეყანაში საწვავის ფასი 83%-ით გაძვირდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ასევე, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ფასის მდგენელი სხვა კომპონენტების ღირებულებაც: საზეთი-საცხი მასალები - 25%-ით, საბურავები - 60%-ით, ავტობუსის ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტთან დაკავშირებული ხარჯები 150%-ით გაძვირდა. აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, ახალი საბაზრო ფასების პირობებში, მგზავრობის ძველი ტარიფის შენარჩუნება შეუძლებელი გახდა", - განაცხადეს კომპანიაში.

თუკი აქამდე თბილისიდან რუსთავამდე გადაადგილება 1,8 ლარად შეიძლებოდა, ახლა ფასი სხვადასხვა მარშრუტზე 2,5 ლარი ან 2,8 ლარია. რუსთავიდან თბილისში "მაღლივი კორპუსის" ან გლდანის მიმართულებით მგზავრობა 1 ლარით გაძვირდა, დანარჩენ მარშრუტებზე კი - 70 თეთრით.

XS
SM
MD
LG