Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავი-თბილისის მიმართულებით ავტობუსი დაინიშნა - აიაფებს ეს მგზავრობას?


დღეიდან, 13 აპრილიდან, თბილისსა და რუსთავს შორის მგზავრებს ავტობუსებიც გადაიყვანს. გადაწყვეტილება რუსთავის მუნიციპალიტეტში მას შემდეგ მიიღეს, რაც ამ ორ ქალაქს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტით - ე.წ. ყვითელი მარშრუტკით მგზავრობის ფასი გაძვირდა.

ავტობუსი 20-წუთიანი ინტერვალებით რუსთავის გასასვლელიდან თბილისში, მეტროსადგურ ისნამდე იმოძრავებს. დეტალებზე რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ "ინფო რუსთავთან" ისაუბრა.

"ეს არის ის ალტერნატივა, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ამ სქემით იმოძრავებს და ჩვენ დღეიდანვე დავიწყებთ მუშაობას იმაზე, რომ გაუმჯობესდეს. რა თქმა უნდა, ვერ შევქმნით ყველა მიმართულებით ალტერნატიულ მარშრუტებს", - თქვა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავიდან პირველი ავტობუსი 07:00 საათზე გავა, თბილისიდან კი ბოლო ავტობუსი რუსთავში 23:00 საათზე დაბრუნდება.

ავტობუსით მგზავრობის ღირებულება 1,5 ლარი იქნება, სტუდენტებისთვის კი მგზავრობა 50 თეთრი ეღირება.

რუსთავიდან თბილისში კომპანია "ინტერ ტრანს"-ის სამარშრუტე ტაქსებს მგზავრები 11 მიმართულებით გადაჰყავს - მგზავრობის ღირებულება 9 მარშრუტზე 2,5 ლარია, ორზე კი - 2,8 ლარი. იმისთვის, რომ რუსთავიდან თბილისში მგზავრი ავტობუსით ჩამოვიდეს, აუცილებელია რუსთავის გასასვლელში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივიდეს, რომლის ღირებულებაც 80 თეთრია, თბილისში ჩამოსულმა კი დამატებითი საზოგადოებივი ტრანსპორტით იმზგავროს - თბილისში ერთჯერადი მგზავრობა 1 ლარი ღირს.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი "ინტერ ტრანს" თბილისში, 11 მიმართულებაზე მგზავრი მაქსიმუმ 2,8 ლარად მიჰყავს, ახალი ხაზის გამოყენებით მგზავრობა 3,3 ლარიც კი შეიძლება დაჯდეს. ეს ხაზი უფრო შეღავათიანი იქნება სტუდენტებისთვის ან იმ მგზავრებისთვის, რომლებიც რუსთავის გასასვლელიდან თბილისში, ისნამდე მიდიან.

მგზავრობის ღირებულება რუსთავი-თბილისის ხაზზე "ინტერ ტრანსმა" 12 აპრილიდან გააძვირა. მანამდე მგზავრობა 1, 8 ლარად იყო შესაძლებელი. სამარშრუტე ტაქსით რუსთავიდან თბილისში "მაღლივი კორპუსის" ან გლდანის მიმართულებით მგზავრობა 1 ლარით გაძვირდა, დანარჩენ მარშრუტებზე კი - 70 თეთრით.

რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ფასის მათთან შეუთანხმებლად გაძვირების გამო კომპანია "ინტერ ტრანსი" 1100 ლარით დაჯარიმდება.

კომპანიაში მგზავრობის ღირებულების ზრდის მიზეზად გაძვირებულ საწვავს და ტრანსპორტისთვის საჭირო სხვა მომსახურებაზე გაზრდილ ფასს ასახელებენ.

"ბოლო პერიოდში ქვეყანაში საწვავის ფასი 83%-ით გაძვირდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ასევე, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ფასის მდგენელი სხვა კომპონენტების ღირებულებაც: საზეთი-საცხი მასალები - 25%-ით, საბურავები - 60%-ით, ავტობუსის ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტთან დაკავშირებული ხარჯები 150%-ით გაძვირდა. აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, ახალი საბაზრო ფასების პირობებში, მგზავრობის ძველი ტარიფის შენარჩუნება შეუძლებელი გახდა", - განაცხადეს კომპანიაში.

XS
SM
MD
LG