Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას 8 მაისს გეგმავენ


ფოტო არქივიდან: ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2019 წელს გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები.
ფოტო არქივიდან: ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2019 წელს გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, 8 მაისს გაიმართება. - განუცხადა სააგენტო „რეს“-ს დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ემილია გაგლოევამ.

„თარიღი დადგინდა იქიდან გამომდინარე, რომ 24 აპრილი არის რელიგიური დღესასწაული - აღდგომა. 24 აპრილის მომდევნო კვირა დღე ისევ სადღესასწაულო დღეა - 1 მაისი. კონსტიტუციური კანონით განსაზღვრულია, რომ არჩევნები არ შეიძლება დაინიშნოს სადღესასწაულო დღეს, ამიტომ მეორე ტურის თარიღი 8 მაისისთვის არის გადატანილი", - განაცხადა ე.წ. ცესკოს თავმჯდომარემ. მან ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს ორ დღეში იგეგმება 10 აპრილის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადება.

„ადრე გამოვაცხადეთ ის მონაცემები, რომლებიც ოქმების 95 პროცენტის დამუშავების შედეგად იქნა მიღებული. რაც შეეხება დარჩენილ ხუთ პროცენტს, ჩვენთვის ცნობილია შედეგი, მაგრამ სანამ არ მივიღებთ საუბნო კომისიების ორიგინალურ ოქმებს მოსკოვიდან და სოხუმიდან, მანამდე ვერ გამოვაცხადებთ. როგორც კი დოკუმენტაციას მივიღებთ, შედეგები მაშინვე საჯარო გახდება და გამოქვეყნდება მედიაში. ოქმები უკვე გზაშია და ველოდებით. ეს შესაძლოა ხვალ მოხდეს", - განაცხადა გაგლოევამ.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მოქმედი პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და პოლიტიკური პარტია „ნიხასის“ ლიდერი ალან გაგლოევი მიიღებენ.

წინასწარი მონაცემებით, გაგლოევმა ხმების 36,9% მიიღო, ბიბილოვი კი ხმების 33,5%-ს აგროვებს. ამომრჩეველთა საბოლოო აქტივობამ 82,07% შეადგინა.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დაგმეს ევროკავშირმა, ნატომ, აშშ-მა და საქართველოს სხვა პარტნიორმა სახელმწიფოებმა. სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ცნობენ მხოლოდ ქვეყნები, რომლებსაც საქართველოს ეს ტერიტორია „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აქვთ აღიარებული. ეს ქვეყნებია: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია და ნაურუ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG