Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უკრაინისთვის ვერტმფრენებისა და მაღალი გამავლობის მანქანების გაგზავნას გეგმავს


პენტაგონი განიხილავს უკრაინისთვის განკუთვნილ ახალ სამხედრო პაკეტში მი-17 ვერტმფრენებისა და მაღალი გამავლობის მანქანა Humvee-ების შეტანას. ამის შესახებ The Washington Post-ი წერს თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

გაზეთის წყაროების თანახმად, ახალი პაკეტი შესაძლოა 750 მილიონი დოლარით შეფასდეს, მაგრამ ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული, კონკრეტულად რა სახის შეიარაღებას მოიცავს ის.

The Washington Post-ის ცნობით, პაკეტში წინასწარ ფიგურირებდნენ ჰაუბიცები, სანაპირო დაცვის უპილოტო საფრენი აპარატები, ასევე რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღიდან კოსტიუმები.

მაგრამ ჯერჯერობით არ არის ნათელი, დარჩება თუ არა ყველაფერი ეს საბოლოო პაკეტში, იტყობინება გაზეთი.

ადრე იმის შესახებ, რომ თეთრი სახლი უკრაინისთვის 750 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი იარაღის გამოყოფას აპირებს, Reuters-ი იტყობინებოდა.

გასულ კვირაში აშშ-ის სენატმა ერთხმად მოიწონა კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ლენდ-ლიზის პროგრამა უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო დახმარების გაგზავნის გასაადვილებლად. უკანასკნელად ეს პროგრამა მოქმედებდა მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ამერიკის სამხედრო დახმარება ეგზავნებოდა ნაცისტური გერმანიის მოწინააღმდეგეებს, პირველ რიგში დიდ ბრიტანეთსა და სსრკ-ს.

გარდა ამისა, სამხრეთმა კორეამ განაცხადა, რომ მილიონ-ნახევარი დოლარის ღირებულების არალეტალურ იარაღს უგზავნის უკრაინას. კიევისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას სეული ჯერჯერობით არ გეგმავს.

XS
SM
MD
LG