Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშაძის თქმით, უკრაინაში, სავარაუდოდ, „ოცნების" და ოპოზიციის ცალ-ცალკე დელეგაციები გაემგზავრებიან


გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

უკრაინაში ვიზიტის საკითხზე პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების" წარმომადგენლებსა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თქვა, სავარაუდოდ, უკრაინაში საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია ცალ-ცალკე გაემგზავრებიან.

„ჩვენ ოპოზიციის ერთიანობით და საზოგადოების განწყობით მივაღწიეთ იმას, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ნამდვილად წავა უკრაინაში. ჩვენი პოზიცია იყო, რომ თუ ეს შედგებოდა ოპოზიციის მონაწილეობით, უნდა ყოფილიყო ერთიანი ოპოზიციური პოზიცია და ყველა ჯგუფის, ყველა პარტიის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო ამ ვიზიტში.

პარლამენტის თავმჯდომარის და „ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ სელექცია უნდა გააკეთონ ოპოზიციის მხარეს. სელექცია ვერ იქნება ჩემთვის ოპოზიციის მხარეს, რაზეც შევთანხმდით, იმ პოზიციაზე ვართ მყარად, რომ ამ შემთხვევაში ერთიან პოზიციას აქვს მნიშვნელობა. თუ გადაწყვეტს „ქართულ ოცნება,“ რომ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ეყოლება წარმომადგენლობა ამ დელეგაციაში, მაშინ წავალთ, თუ გადაწყვეტს, რომ არჩევა უნდა ოპოზიციაში, ვინც მოსწონს და ვინც არ მოსწონს - ისინი ამბობდნენ ორი ადგილი ოპოზიციას, ორი ადგილი ჩვენ - ეს არ არის ასეთი სავაჭრო საკითხი. სავარაუდოდ, ოპოზიცია ცალკე წავა“, - თქვა ვაშაძემ.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი და უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ონლაინშეხვედრაზე შეთანხმდნენ უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტზე უკრაინაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფეისბუკზე დღეს, 13 აპრილს, გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც უკრაინაში წასვლის მზაობა გამოხატა.

8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ჩასვლის მიწვევა გაუგზავნა. მიწვევასთან დაკავშირებით მხარეებმა რამდენჯერმე გაცვალეს საჯარო და წერილობითი პოზიცია. "ქართული ოცნება" შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით რამდენიმე წინაპირობას აყენებდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ჩავა.

XS
SM
MD
LG