სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა გორის მუნიციპალიტეტის ააიპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ბუღალტერი საბიუჯეტო თანხების ტოტალიზატორში გადარიცხვის გამო. პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სულ მითვისებულია და გადაირიცხა 143 985 ლარი.
"ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს "თიბისი ბანკში" და სს "ლიბერთი ბანკში" გახსნილ მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტტოტალიზატორებში", - ვკითხულობთ განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება და არ გამორიცხავენ, რომ მითვისებული თანხის ოდენობა მკვეთრად გაიზარდოს.
გორის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო თანხების სავარაუდო მითვისებისა და ტოტალიზატორის საკუთარ ანგარიშებზე გადარიცხვის შესახებ ინფორმაცია მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ტელევიზიებმა აჩვენეს ფრაგმენტი, რომლის მიხედვითაც ირკვეოდა, რომ ერთ-ერთი ააიპ-ის ბუღალტერი ერთ-ერთი ტოტალიზატორის გათამაშებაში მანქანას იგებდა.