Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: ევროკავშირის კითხვარის შევსებაში ჩაერთვება ის, ვინც არ უთხრის ქვეყანას ძირს


ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე.

საქართველოს პარლამენტის წევრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირთან კონსულტაციების შემდეგ ისაუბრებენ, გაასაჯაროებენ თუ არა კითხვარს, რომელიც საქართველოს ინტეგრაციის პროცესში გადაეცა. მან პარლამენტში ჟურნალისტებთან პროცესში სხვა პირების ჩართვაზეც ისაუბრა.

"კითხვარი შეივსება სათანადო წესით, როგორც ეს არის გათვალისწინებული ევროკავშირის სტანდარტებით. რაც შეეხება "ნაცმოძრაობის" მონაწილეობას, ეს იქნება კონტრპროდუქტიული - ეს არის ძალა, რომელიც აწარმოებდა კამპანიას ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ... ეს ძალა აჩვენებს, რომ არ არის დაინტერესებული საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციით. როგორ წარმოგიდგენიათ, ასეთმა ძალამ მიიღოს კითხვარის შევსებაში მონაწილეობა?! რა თქმა უნდა, არ [ჩავრთავთ]", - თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

კობახიძეს შეახსენეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ნათქვამი, რომლის თანახმად, კითხვარი მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა და საზოგადოებამ უნდა შეავსოს.

"მე სალომე ზურაბიშვილის ციტირებას მოვახდენ: "ისინი დადიან და ძირს უთხრიან". ვინც დადის და ძირს უთხრის [ქვეყანას], ის არ უნდა იყოს კითხვარის შევსებაში ჩართული. ვინც არ დადის და არ უთხრის ძირს სახელმწიფოს, ის იქნება ჩართული", - უპასუხა კობახიძემ.

3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.

ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.

11 აპრილს კი საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად კითხვარი ჩაიბარა. ეს დოკუმენტი ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს გადასცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG