Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსული გემები უკრაინის სანაპიროს მოშორდნენ


რუსული სამხედრო გემები უკრაინაზე თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე წვრთნებს ატარებენ ანექსირებულ ყირიმთან. 2022 წლის თებერვალი.
რუსული სამხედრო გემები უკრაინაზე თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე წვრთნებს ატარებენ ანექსირებულ ყირიმთან. 2022 წლის თებერვალი.

უკრაინის არმიის სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, შავი ზღვის ოპერაციის ზონაში, რუსეთის სამხედრო გემები უკრაინის სანაპიროს თითქმის 200 კილომეტრით მოშორდნენ. მიუხედავად ამისა, როგორც სარდლობა აცხადებს, ზღვიდან სარაკეტო დარტყმების საფრთხე შენარჩუნებულია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დღეს, 19 აპრილს, დილით განაცხადა, რომ დაზუსტებული ინფორმაციით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სანაპირო დაცვის 126-ე ბრიგადის დანაკარგი დაახლოებით 75%-ია, ხოლო საზღვაო ქვეითების 810-ე ბრიგადიდან მოკლულია 158 და დაჭრილია 500-მდე სამხედრო. ეს ბრიგადები საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის პირველივე დღეებიდან.

უკრაინის გენშტაბი ირწმუნება, რომ ამ ბრიგადების სამხედროთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა უარი თქვა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობის გაგრძელებაზე. ეს ცნობები სხვა წყაროებით გადამოწმებული ჯერჯერობით არ არის.

18 აპრილს, ღამით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ რუსეთის არმიამ დაიწყო დონბასისთვის ახალი ბრძოლა, რომელიც დიდხანს მზადდებოდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს, 19 აპრილს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები ცდილობენ შეტევის გაგრძელებას აღმოსავლეთ ზონაში, დონეცკის და ლუგანსკის ტერიტორიებზე სრული კონტროლის დასამყარებლად და ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით სახმელეთო დერეფნის გასახსნელად.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" 24 თებერვალს დაიწყო და მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის არმიის წინააღმდეგობის შედეგად, მარტში, რუსეთის სამხედრო დანაყოფებმა დატოვეს კიევის და ჩერნიგოვის ოლქები.

უკრაინის ხელისუფლება, დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები და საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრების ექსპერტები აცხადებდნენ, რომ მას შემდეგ, რაც რუსულმა არმიამ კიევიდან უკან დაიხია, მასშტაბურ ბრძოლას გადაიტანდა დონბასის მიმართულებით და ამ რეგიონის მთლიანად დაკავებას შეეცდებოდა.

XS
SM
MD
LG