რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსული არმია მთავარსარდლის, პრეზიდენტ პუტინის მიერ "დასახულ ამოცანებს ასრულებს" და „თანმიმდევრულად მისდევს დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების გათავისუფლების გეგმას“. როგორც სააგენტო „ტასი“ წერს, თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის დღევანდელ სხდომაზე შოიგუმ ისიც თქვა, რომ „ტარდება ღონისძიებები მშვიდობიანი ცხოვრების ასაწყობად“.
სერგეი შოიგუს გამოსვლის ვიდეო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა. ბოლო სამი კვირის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსული ოფიციალური წყაროებით გავრცელდა უკრაინაში ომის შესახებ თავდაცვის მინისტრის განცხადებები.
გენერალ შოიგუს მტკიცებით, "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" მონაწილე რუსი სამხედროები "სიმამაცეს და გმირობას" იჩენენ. ამასთან, რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბოლო თვეების მოვლენები აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის არმიის სრულყოფის გაგრძელება.
შოიგუმ დღეს ისიც თქვა, რომ აშშ და მის კონტროლქვეშ მყოფი დასავლეთის ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ, რათა „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ მაქსიმალურად გაჭიანურდეს და უკრაინისთვის უცხოური შეიარაღების მიწოდების გაზრდით ახდენენ „ბოლო უკრაინელამდე“ ბრძოლისთვის კიევის პროვოცირებას.
დღესვე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში დაიწყო „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ახალი ეტაპი, რომელიც „მიმართულია დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების სრულად გათავისუფლებისკენ“. ლავროვმა ტელეკომპანია India Today-ს უთხრა, რომ ოპერაცია გაგრძელდება, მისი ამჟამინდელი ფაზა კი, „მნიშვნელოვანი მომენტი იქნება“.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
რუსეთის არმია უკრაინაში სარაკეტო-საავიაციო და სახმელეთო შეტევებს აწარმოებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც.