Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი ისევ აცხადებს, რომ უკრაინაში მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ანადგურებენ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. მოსკოვი, 2022 წლის 24 მარტი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. მოსკოვი, 2022 წლის 24 მარტი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ისევ იმეორებს კრემლის განცხადებებს, რომ რუსეთი უკრაინაში მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას უტევს.

„შემიძლია კვლავაც დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი არმია მოქმედებს მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურის და არა სამოქალაქო პირების წინააღმდეგ“, - განაცხადა ლავროვმა ტელეკომპანია India Today-სთან ინტერვიუში. ლავროვის თქმით, დასავლეთი რუსეთის დასაბუთებებს ყურადღებას არ აქცევს და „დადგმების ფაბრიკაციას“ ახდენს.

რუსული არმიის მიერ უკრაინის ქალაქებში საცხოვრებელი სახლების, სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებების თუ საკულტო ნაგებობების განადგურება დოკუმენტურადაა დადასტურებული არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების, არამედ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.

მარტში, როცა რუსმა სამხედროებმა კიევის ოლქი დატოვეს, მხოლოდ ბუჩასა და ირპენში აღმოაჩინეს ასეულობით მოკლული, მშვიდობიანი უკრაინელის გვამი.

ლავროვმა India Today-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი სიმართლეს დაადგენს ბუჩაზე, სადაც „სიმხეცე ჩაიდინეს ნეონაცისტურმა ბატალიონებმა და უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა“.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG