Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმერ კანიაშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს


ვლადიმერ კანიაშვილი (მარცხნივ) და ირაკლი ანთაძე, სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (მარჯვნივ).
ვლადიმერ კანიაშვილი (მარცხნივ) და ირაკლი ანთაძე, სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (მარჯვნივ).

ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან ვლადიმერ კანიაშვილი გაათავისუფლეს. 2021 წლის 9 დეკემბერს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ის, კახა ნათაძესთან ერთად, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, სოფელ წინაგარის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ბრალდებად ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ მას 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კანიაშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ერგნეთში უკვე გადმოიყვანეს, სადაც მას სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე დახვდა.

სუსმა მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.

„უკანონო პატიმრობაში მყოფი ვლადიმერ კანიაშვილის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი. უკანონო დაკავების და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს იყენებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება“, - წერია განცხადებაში.

ამჟამად ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს კიდევ 7 მოქალაქე რჩება. მათგან ორი - მამუკა ჩხიკვაძე და ლევან მაჩაბელი - ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა.

XS
SM
MD
LG