Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისთან გამართულ აქციაზე ინციდენტი მოხდა


ლაგოდეხი, აქცია "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისთან. 20 აპრილი, 2022 წელი.

ლაგოდეხში, პარტია „კონსერვატიული მოძრაობის “ ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა.

სამოქალაქო აქტივისტებმა და პარტიის, „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა სალომე ღონღაძემ ოფისთან ტრანსპარანტები და საქართველოსა და უკრაინის დროშები გამოფინეს. „ჩვენი არჩევანი ევროინტეგრაციაა!" "არა რუსეთს!" "არ აგარევინებთ!“- ეწერა ტრანსპარანტებზე.

"კონსერვატიული მოძრაობის" წარმომადგენელმა ნოდარ ბიწაძემ ორივე ქვეყნის დროშები ჩამოხსნა და შეკრებილებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტი რამდენიმე წუთში ამოიწურა. ადგილზე იმყოფებოდა ათამდე პოლიციელი.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია პრორუსული, ჰომოფობიური და ქსენოფობიური განწყობების მქონე "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის გახსნა. ისინი მოითხოვენ, პარტიამ ლაგოდეხში მუშაობა შეაჩეროს.

„კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისები კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნა. რამდენიმე კვირის წინ მათ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა საგარეჯოში. სამოქალაქო აქტივისტები აქციას გეგმავენ ახმეტაშიც.

"კონსერვატიული მოძრაობა" ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" თანამოაზრეების მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიაა. ორივე ეწინააღმდეგება საქართველოში ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებას. სწორედ "ალტ-ინფოს" მოწოდებით შეიკრიბნენ ჰომოფობიური ჯგუფები 2021 წლის 5 ივლისს თბილისის ქუჩებში და 50-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადეს. პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია ამ ძალადობის ორგანიზატორები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG