Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონტენეგროს ხელისუფლებამ აკრძალა RT-ისა და Sputnik-ის მაუწყებლობა


მონტენეგროს ხელისუფლებამ აკრძალა რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების, Russia Today-ისა და Sputnik-ის მაუწყებლობა. ამგვარად, პოდგორიცა შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს, რომლებიც მოსკოვს დაუწესეს უკრაინაში ომის გამო. მონტენეგრო არ შედის ევროკავშირის შემადგენლობაში, მაგრამ წევრობის იმედი აქვს.

ევროკავშირმა Russia Today და Sputnik-ი მარტში აკრძალა. ბრიუსელმა მაშინ თქვა, რომ ეს ორი გამოცემა სისტემატურად ეწეოდა ინფორმაციის მანიპულირებას და დაკავებული იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრის თაობაზე დეზინფორმაციით.

სანქციები ნიშნავს, რომ ადგილობრივ ოპერატორებს აეკრძალებათ RT-ისა და Sputnik-ის ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება.

Reuters-ი შენიშნავს, რომ მონტენეგროში ცხოვრობს მრავალი ეთნიკური სერბი, რომელთაგან ბევრს პრორუსული შეხედულებები აქვს. ამასთან, მონტენეგროს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირში ხედავს ქვეყნის მომავალს.

მონტენეგროს ეკონომიკა ძლიერ არის დამოკიდებული ტურიზმზე. ქვეყანაში აქტიურად სტუმრობდნენ რუსი და უკრაინელი ტურისტები. მონტენეგროში რუსეთის მრავალი მოქალაქე ფლობს უძრავ ქონებას და იახტებს.

მონტენეგროსა და რუსეთს რთული ურთიერთობები აქვთ. 2014 წელს მონტენეგრო მიუერთდა სანქციებს, რომლებიც რუსეთს დაუწესეს ყირიმის ანექსიისთვის.

2016 წელს პოდგორიცამ მოსკოვს ბრალი დასდო ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ხელშეწყობაში. როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, გადატრიალების მიზანი იყო, ხელი შეეშალა ნატოში მონტენეგროს გაწევრიანებისთვის.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების ფონზე მონტენეგრომ მარტში რუსეთის დიპლომატები გააძევა. მოსკოვმა სარკისებურად უპასუხა ამას.

XS
SM
MD
LG