Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გენოციდი უწოდეს


ქალაქი ბუჩა, კომუნალური სამსახურის თანამშრომლებს მიაქვთ დახოცილი ადამიანების ცხედრები. 3 აპრილი, 2022 წელი
ქალაქი ბუჩა, კომუნალური სამსახურის თანამშრომლებს მიაქვთ დახოცილი ადამიანების ცხედრები. 3 აპრილი, 2022 წელი

ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა განცხადებები მიიღეს, რომლებითაც აღიარებენ, რომ რუსეთმა უკრაინის გენოციდი განახორციელა. ინფორმაცია ამის თაობაზე ესტონეთის პარლამენტისა და ლატვიის სეიმის საიტზეა გამოქვეყნებული.

ესტონეთის პარლამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა ქალაქებში ბუჩაში, ბოროდიანკაში, გოსტომელში, ირპენსა და მარიუპოლში და „უკრაინის სხვა მრავალ დასახლებულ პუნქტში“ ჩაიდინა გენოციდის აქტები და მასობრივი სიმხეცე მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ.

ლატვიის სეიმის განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებობს უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი მასობრივი სასტიკი დანაშაულების „მნიშვნელოვანი“ მტკიცებულები.

"ლატვია გმობს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს და გენოციდს და იაზრებს თავის მოვალეობას აღიაროს, აღკვეთოს დანაშაულები მათი განმეორების თავიდან აცილების მიზნით“.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა.

12 აპრილს უკრაინაში რუსეთის არმიის მოქმედებებს გენოციდი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უწოდა.

ბაიდენის განცხადების კომენტირებისას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ „ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით სიტუაციის ასეთი დამახინჯების მიუღებელ მცდელობებს“.

მანამდე, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა.

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო იზიარებს ჯო ბაიდენის შეფასებას უკრაინაში გენოციდის შესახებ.

მსოფლიოს სხვა ლიდერებიც, მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ასევე იყენებენ „გენოციდს“ უკრაინაში რუსეთის მოქმედებების აღსაწერად.

მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უარი თქვა გენოციდი ეწოდებინა უკრაინაში რუსეთის მოქმედებებისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის მიიწვია, რათა თავის თვალით ნახოს რუსი სამხედროების სისასტიკე და დარწმუნდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ ომი, არამედ უკრაინელი ხალხის გენოციდი.

24 თებერვლის შემდეგ რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს, არამედ საავადმყოფოებს, სამშობიაროებს, საბავშვო ბაღებს და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელ კორპუსებს. დაღუპულია რამდენიმე ათასი ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

XS
SM
MD
LG