Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერია: "ლელო" არასწორი მიმართულებით ცდილობს ფოკუსის გადატანას


პარტია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია აკრიტიკებს ოპოზიციურ პარტია "ლელოს", რომლის ინიციატივაცაა, დაწესდეს აკრძალვები რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოებზე. ბოკერია აცხადებს, რომ "ლელო" ფუნდამენტურად არასწორი მიმართულებით ცდილობს საზოგადოების ფოკუსის გადატანას.

"ეს არის სიბრიყვის ზღვარზე, თუ უბრალოდ ნებისმიერი აქტივობის ჩვენების ხარჯზე უნდათ აჩვენონ, რომ რაღაცას აკეთებენ. მცდელობა, რომ კანონმდებლობით აიკრძალოს სიმბოლოები, არის ფუნდამენტურად არასწორი. ჩვენი პრობლემა არის, რომ მთავრობა გვყავს, რომელიც პუტინთან თანამშრომლობს, პუტინისტი, ოპორტუნისტი და კოლაბორაციონისტია", - თქვა ბოკერიამ.

"ლელომ" რუსეთის პოლიტიკის სიმბოლოების აკრძალვაზე დღეს, 21 აპრილს ისაუბრა. პარტიის ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ ჩამონათვალში უნდა მოხვდეს "წმინდა გიორგის ლენტი" და უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის სიმბოლოებად ქცეული ლათინური ასოები Z და V.

საქართველოში მოქმედებს კანონი "თავისუფლების ქარტია", რომელიც თავის მიზნად განსაზღვრავს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრას, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვას.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს 24 თებერვლიდან ატარებს. ამ დროის განმავლობაში დაიბომბა საავადმყოფოები, სამშობიაროები და საცხოვრებელი სახლები.

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რუსულმა პროპაგანდამ ასოები Z და V აქცია ომის მთავარ სიმბოლოდ. 29 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მსოფლიოს სახელმწიფოებს მოუწოდა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოიღონ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საჯარო მხარდაჭერის საშუალებად სიმბოლო Z-ის გამოყენებისთვის.

XS
SM
MD
LG