Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ აღლუმზე Z-იანი კოსტიუმით არ უნდა მივიდნენ


რუსული არმიის მხარდასაჭერად დამზადებული Z-იანი მაისური ბელგრადის სუვენირების მაღაზიაში. 2022 წლის მარტი
რუსული არმიის მხარდასაჭერად დამზადებული Z-იანი მაისური ბელგრადის სუვენირების მაღაზიაში. 2022 წლის მარტი

ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტმა ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივების ხელშეწყობად შეაფასა საკარნავალო კოსტიუმების გამქირავებელი ორგანიზაციების მიერ მოქალაქეებისთვის, 9 მაისის აღსანიშნავად Z-იანი კოსტიუმების და სამხედრო ფორმის შეთავაზება.

უშიშროების კომიტეტი ამ ორგანიზაციებს მოუწოდებს, უარი თქვან მსგავსი კოსტიუმების გაქირავებაზე და მოქალაქეებსაც მიმართავს, Z-იანი კოსტიუმები არ ჩაიცვან 9 მაისს, დიდ სამამულო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე „უკვდავი პოლკი“. რუსეთში დაარსებული და კრემლის მიერ მხარდაჭერილი მოძრაობა "უკვდავი პოლკი" უკვე წლებია 9 მაისს, რუსეთის გარდა, სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებშიც მართავს მსვლელობებს "დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად".

ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტი ყველას აფრთხილებს, რომ ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივების ხელშეწყობისკენ მიმართული ქმედება კანონით ისჯება. როგორც კომიტეტის განცხადებიდან ირკვევა, გაფრთხილების საფუძველია საკარნავალო კოსტიუმების გამქირავებელთა მიერ, 9 მაისისთვის Z-იანი კოსტიუმების რეკლამირება სოციალურ ქსელებში და საზოგადოებაში ამ ფაქტის ცხარე განხილვა.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, რომელსაც კრემლი უწოდებს უკრაინის "დემილიტარიზაციის და დენაციფიკაციის" მიზნით დაწყებულ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას", რუსულმა პროპაგანდამ ლათინური ასოები Z და V აქცია ომის მთავარ სიმბოლოდ. ეს ასოები გამოსახულია როგორც უკრაინაში მყოფ რუსულ საბრძოლო ტექნიკაზე, ასევე, სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, აქსესუარებზე და ა.შ. რუსეთის მხარდასაჭერად ამ სიმბოლოების გამოყენება ევროპის არაერთმა ქვეყანამ უკვე აკრძალა.

XS
SM
MD
LG