Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხერსონის მერიის შენობა რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედროებმა დაიკავეს


რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები და ტექნიკა ხერსონში, საოლქო ადმინისტრაციის შენობასთან. 2022 წლის აპრილი

რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედროებმა დაიკავეს ხერსონის საქალაქო საბჭოს შენობა და იქიდან უკრაინის დროშა ჩამოხსნეს. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“-ს აცნობეს ხერსონის მერმა, იგორ კოლიხაევმა და საქალაქო საბჭოს თანამშრომლებმა.

მათი ინფორმაციით, რუსი სამხედროები საქალაქო საბჭოს შენობაში 25 აპრილს, საღამოს მივიდნენ, დაცვის სამსახურის თანამშრომლებს გასაღებები ჩამოართვეს, მერს და თანამშრომლებს კი სახლში წასვლის შესაძლებლობა მისცეს. დღეიდან, 26 აპრილიდან ხერსონის მერია მუშაობას წყვეტს, რადგან შენობას რუსეთის საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ.

უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქი ხერსონი ოკუპირებულია 2022 წლის მარტიდან. ოკუპაციის წინააღმდეგ ხერსონელების არაერთი საპროტესტო აქცია რუსმა სამხედროებმა ძალით დაშალეს. ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, ოკუპაციის გამო, ხერსონი დატოვა ქალაქის მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, უახლოეს ხანში რუსეთი აპირებს ოკუპირებულ ხერსონში ჩაატაროს ე.წ. რეფერენდუმი კიდევ ერთი "სახალხო რესპუბლიკის" შესაქმნელად. ამ გეგმის არსებობას ადასტურებს დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვაც.

2014 წელს, რუსეთმა მასთან შეერთების მიზნით, ე.წ. რეფერენდუმი ჩაატარა ყირიმში, ხოლო ე.წ. დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად უკრაინის კიდევ ორ ტერიტორიაზე - დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში. უკრაინაზე თავდასხმამდე, 2022 წლის 24 თებერვლამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა "რეფერენდუმების" საფუძველზე შექმნილი, ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG