Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი გამალებული შეიარაღება - უახლოესი მომავლის პერსპექტივა


2021 წელს მსოფლიოში თავდაცვის ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა და პირველად გადააჭარბა 2 ტრილიონ დოლარს, - ამის შესახებ ლაპარაკია სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) უკანასკნელ ანგარიშში, რომელიც 25 აპრილს გამოქვეყნდა. დოკუმენტი მსოფლიო მასშტაბით სამხედრო დანახარჯების ზრდას რამდენიმე ტენდენციას, მათ შორის, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის წინ სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას უკავშირებს.

აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსებს არ უჭირთ იმის პროგნოზირება, რომ სამხედრო ხარჯები კიდევ უფრო იქნება გაზრდილი, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მსოფლიოში თავდაცვის ხარჯების მორიგი, 2022 წლის ბალანსი შედგება.

„ამის ასახვა ჩვენ ჯერ კიდევ წინ გველის, რადგან აქამდე არაერთი ქვეყანა საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდა ომის შესაძლებლობას. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ უკრაინის ომის თემა მომავალში კიდევ უფრო მეტად აისახება სამხედრო დანახარჯების ზრდაზე“, - ამბობს თენგიზ ფხალაძე, ECIPE-ის უფროსი მკვლევარი.

რუსეთის სამხედრო დანახარჯები სანქციების ფონზე

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი თავდაცვაზე გაღებული თანხების ოდენობით სულ მცირე 12-ჯერ ჩამორჩება აშშ-ს, მოსკოვი ბოლო სამი წელიწადია სტაბილურად ზრდის თავდაცვის დაფინანსებას.

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) თანახმად, 2021 წელს რუსეთის სამხედრო ხარჯები 2,9%-ით გაიზარდა და 65,9 მილიარდ დოლარს მიაღწია. თანაც, ეს ხარჯები საერთო შიდა პროდუქტის 4,1%-ს შეადგენს. სამხედრო ხარჯების ზრდა დაემთხვა პერიოდს, როცა მოსკოვი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდა.

გაზრდილ დაფინანსებას რუსეთის ხელისუფლება სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების მოდერნიზებაზე ხარჯავს.

გასული წლის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტმა წარმატებით გამოცადა სუპერზებგერითი ფრთოსანი რაკეტა „ცირკონი“, რასაც რუსეთის ლიდერმა უწოდა „დიდი მოვლენა“ ქვეყნის ცხოვრებაში და არსებითი ნაბიჯი რუსეთის უსაფრთხოების ამაღლების საქმეში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „ცირკონის“ პირველი სტარტი ატომური წყალქვეშა ნავ „სევეროდვინსკიდან“ 2021 წლის ოქტომბრის თვეში განხორციელდა.

იარაღის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ამ პარამეტრების გამო, „ცირკონი“ მიუწვდომელია საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.

უფრო ადრე რუსეთის პროპაგანდის სიამაყის საგანი იყო „კინჟალის“ კომპლექსის ჰიპერბგერითი რაკეტები, რომელიც რუსეთმა ახლა უკრაინასთან ომში გამოიყენა.

„კინჟალი“ ანუ ხანჯალი პრეზიდენტმა პუტინმა 2018 წელს წარმოადგინა, როგორც რუსეთის უახლესი „იდეალური იარაღი“, რომელიც დაფრინავს ხმაზე 10-ჯერ უფრო სწრაფად და შეუძლია გადალახოს საჰაერო თავდაცვის სისტემები. რაკეტა მანევრირებს მთელ ტრაექტორიაზე, სამიზნეს სწვდება 2 კილომეტრზე და კომპლექსს შეუძლია როგორც ჩვეულებრივი, ასევე ბირთვული იარაღის გადატანაც.

„ჩვენ არავინ გვისმენდა. მოგვისმინეთ ახლა“, - ნიშნის მოგებით თქვა პუტინმა 2018 წლის 1 მარტს.

რუსმა სამხედროებმა „კინჟალის“ კომპლექსის ჰიპერბგერითი რაკეტები დასავლეთ უკრაინაში, 18 მარტს გამოიყენეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ „კინჟალის“ საავიაციო სარაკეტო სისტემამ ჰიპერბგერითი აერობალისტიკური რაკეტებით გაანადგურა რაკეტების დიდი მიწისქვეშა საწყობი და უკრაინის ჯარების საავიაციო საბრძოლო მასალა სოფელ დელიატინში, ივანო-ფრანკოვსკის ოლქში“.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთმა „კინჟალის“ გამოყენება დაადასტურა.

სულ ახლახან მოსკოვმა განაცხადა, რომ შესაბამისი ცდების შემდეგ „წარმოებაში ჩაუშვა“ ს-500 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა „პრომეთე“, რომელსაც 600 კილომეტრ რადიუსში შეუძლია ნებისმიერი რაკეტის განადგურება.

რუსული სააგენტო „რია-ნოვოსტის“ თანახმად, მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიის შეიარაღებაში დაიდებს ბინას, ს-500-ს სავსებით შეუძლია გახდეს რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების ძირითადი სისტემა.

არსებობს მოსაზრება, რომ უკრაინასთან ომის შემდეგ რუსეთი იძულებული იქნება კიდევ უფრო გაზარდოს სამხედრო სფეროს დაფინანსება, რათა შეავსოს ის დიდი სამხედრო დანაკარგი, რაც მას უკრაინის თავდაცვის ძალებმა ორთვიანი ომის განმავლობაში მიაყენეს.

თუმცა, საკითხავია ის, თუ რამდენად შეძლებს ეკონომიკური სანქციების ქვეშ მყოფი რუსეთი, შეინარჩუნოს გამალებული შეიარაღების ის ტემპი, რაც მას ბოლო სამი წლის განმავლობაში ჰქონდა.

„ეს იქნება გამალებული შეიარაღება ცალკეული სეგმენტების მხრივ და თანაც ეს ყველაფერი ხდება იმ უპრეცედენტო სანქციების ფონზე, რომელიც ძალიან სერიოზულად ზღუდავს რუსეთის შესაძლებლობას განავითაროს საკუთარი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი. ანუ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ახალი იარაღის შექმნის და განვითარების მხრივ შეჯიბრება, არამედ სახეზეა არსებულის შეკვეცის მცდელობა სანქციებით, რაც მუშაობს და რასაც თავისი ეფექტი აქვს“, - ამბობს საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

გარდა დასავლეთის ეკონომიკური სანქციებით მიყენებული ზარალისა, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა უჯდება რუსეთის ბიუჯეტს ომის თითო დღე უკრაინაში, იმ დანაკარგის გათვალისწინებით, რომელიც რუსეთის არმიას აქვს როგორც პირადი შემადგენლობის, ისე სამხედრო ტექნიკის მხრივ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 25 მარტიდან არ განუახლებია ინფორმაცია უკრაინაში დაღუპული სამხედროების შესახებ. მაშინ უწყებამ განაცხადა, რომ რუსულმა არმიამ დაკარგა 1351 ჯარისკაცი.

რუსული არმიის დანაკარგებზე საუბრისას, გაცილებით მაღალ რიცხვს ასახელებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო. მათი ბოლო მონაცემებით, დაღუპულია დაახლოებით 22 ათასი რუსი ჯარისკაცი. ხოლო ბრძოლებში რუსეთის სამხედრო ტექნიკის ჯამური დანაკარგი, უკრაინის მონაცემებით, 4000 ერთეულს აღემატება.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

რუსეთისა და უკრაინის სამთავრობო დელეგაციებს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდის მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს იერიშებს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე.

რუსეთ-უკრაინის ომი და დასავლეთის სამხედრო დანახარჯები

SIPRI-ის თანახმად, ხუთ ქვეყანაში, რომლებიც ყველაზე მეტს ხარჯავენ, შედიან აშშ, ჩინეთი, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი. შარშან შეერთებულ შტატებზე მოდიოდა მსოფლიო თავდაცვის ხარჯების 38%, მას 14%-ით მოსდევდა ჩინეთი. მაგრამ აშშ-ის თავდაცვის ხარჯები საერთო შიდა პროდუქტის 3,7%-დან შემცირდა 3,5%-მდე, ანუ 801 მილიარდ დოლარამდე. ეს მოიცავს კვლევისა და განვითარების ხარჯების შემცირებას, მაგრამ ანგარიშში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები კვლავაც კონცენტრირებულია „შემდგომი თაობის ტექნოლოგიებზე“.

ეს ტენდენცია კი, ანალიტიკოსების ვარაუდით, შესაძლოა, თავდაცვისათვის გაღებულ უფრო დიდ თანხად დაუჯდეს ამერიკის გადასახადის გადამხდელს, თუ გავითვალისწინებთ იმ ვითარებას, რომ პენტაგონის 21 აპრილის მონაცემებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან, აშშ-მ უკრაინას გაუწია 3.4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

გარდა ამისა, სამხედრო დანახარჯებს ყოველწლიურად ზრდიან ნატოს ის ქვეყნები, რომლებიც ალიანსის შიდა შეთანხმების თანახმად, ვალდებული არიან მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაზარდონ თავიანთი შეიარაღებული ძალების ბიუჯეტები. ამასთან, სამხედრო ბიუჯეტის არანაკლებ 20% სამხედრო შეიარაღებისა და ტექნიკის მოდერნიზებაზე უნდა იხარჯებოდეს.

აღსანიშნავია, რომ ნატოს წევრი ქვეყნებიდან დღესდღეობით მხოლოდ 11-ის თავდაცვითი ბიუჯეტი აკმაყოფილებს ამ 2%-იან პარამეტრს, თუმცა ზრდის ტენდენცია მყარია და 2021 წლის განმავლობაში ნატოს წევრი ქვეყნების ჯამური თავდაცვითი დანახარჯი 260 მილიარდი ევროთი გაიზარდა, ხოლო 2024 წლისთვის ეს რიცხვი, როგორც ვარაუდობენ, 300 მილიარდს მიაღწევს.

თუმცა, შესაძლოა ეს უფრო ადრე, მომავალ წელსაც მოხდეს, გამომდინარე სწორედ რუსეთ-უკრაინის ომიდან, რომელშიც უკრაინა სულ უფრო მეტ სამხედრო დახმარებას იღებს კოლექტიური დასავლეთისგან.

„უკრაინა იღებს მნიშვნელოვან დახმარებას დასავლეთის მხრიდან და იღებს ბოლოს და ბოლოს მძიმე შეიარაღებასაც, რაც უთუოდ პოზიტიურად იმოქმედებს რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობაზე. ამასთან, ეს მოქმედებს ასევე სამხედრო დანახარჯების ზრდაზე, ვინაიდან ნატოს ქვეყნები, რომლებიც უკრაინას შეიარაღების ახალ ნაკეთობებს აწვდიან, შეეცდებიან, რომ მოახდინონ საკუთარი შეიარაღების მოდერნიზება, რაშიც არაფერია გასაკვირი. ამიტომ მე ვვარაუდობ, რომ თუ ჩვენ გამალებული შეიარაღების მთლად ზღურბლზე არ ვიმყოფებით, ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენი უახლოესი მომავლის პერსპექტივაა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი, ეს არის ყველაზე მასშტაბური ომი ევროპაში 1945 წლის შემდეგ და, ცხადია, რომ უკრაინის ბრძოლის ველებზე სამხედროები ცდიან როგორც ახალ შეიარაღებას, ისე იმ სამხედრო ტექნიკასაც, რომელსაც გარკვეული საბრძოლო გამოცდილება უკვე აქვს. და კიდევ არის ერთი ფაქტორი, რაც, ექსპერტების აზრით, უსათუოდ მოახდენს გავლენას „ახალ გამალებულ შეიარაღებაზე“.

„ეს არის რუსეთის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბირთვული სახელმწიფოს ომი ქვეყანასთან, უკრაინასთან, რომელმაც თავისი ნებით თქვა უარი ბირთვულ იარაღზე. ამიტომ ძალიან რთული იქნება საუბარი ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობაზე, ვინაიდან რუსეთი თავისი ქმედებებით, ამ პრინციპებს ფაქტობრივად სრულიად ანადგურებს; ის გამოდის გაუვრცელებლობის წინააღმდეგ, როგორადაც კი შეუძლია“, - ამბობს ევჰენ მაგდა.

მას მხედველობაში აქვს ასევე დასავლეთის სადაზვერვო უწყებების გაფრთხილება, რომ სერიოზულად მოეკიდონ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ „ტაქტიკური ბირთვული იარაღის ან მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს“.

ამის შესახებ აპრილის მეორე ნახევარში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, ჯორჯიის შტატში მდებარე ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლის დროს და დასძინა, რომ ამ იარაღის გამოყენება შესაძლოა მოხდეს „პრეზიდენტ პუტინის სასოწარკვეთის“ გათვალისწინებით, თუ ის ვერ შეძლებს ამ ომში გამარჯვების მიღწევას.

2020 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალების სტრატეგებმა გამოაქვეყნეს ახალი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია მოსკოვის კონცეფცია იმის თაობაზე, თუ როდის არის გამართლებული მის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება.

მასში ლაპარაკია იმაზე, რომ ბირთვული იარაღი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც საპასუხო საშუალება სხვების მიერ ბირთვული ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ასევე მაშინ, „თუკი საფრთხე ექმნება თავად სახელმწიფოს არსებობას“.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 22 მარტს CNN-თან საუბარში კვლავ ახსენა ეს ამოსავალი პრინციპები. მაგრამ, ამავე დროს, მან არ ისურვა იმის გამორიცხვა, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო დოქტრინა ამ იარაღის გამოყენების უფლებას იძლევა „ქვეყნისთვის ეგზისტენციალური საფრთხის“ არსებობის შემთხვევაში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG