ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აპირებს დღეს, 26 აპრილს პარლამენტში დაარეგისტრიროს დადგენილება უკრაინაში რუსეთის მხრიდან გენოციდის აღიარების შესახებ.
“ეს უნდა გახდეს მორიგი ლაკმუსის ქაღალდი ბიძინა ივანიშვილისთვის, იგივე შალვა პაპუაშვილისთვის. ეს ბუნებრივია არ იქნება იურიდიული და სამართლებრივი დეტალების გამორკვევის პროცესი, ეს იქნება პოლიტიკური შეფასება. ან კი, ან არა. ან დარწმუნდა ქართული ოცნება ბუჩაში, რომ იქ ნამდვილად არის გენოციდი, ან ისინი ამ ყველაფერს უარყოფენ. ან ისინი კვლავ დგებიან ევტუშენკოვების გვერდით, ან თავისუფალი სამყაროს გვერდით. არჩევანი ახლა არის “ქართული ოცნების” მხარეს” - თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს, 26 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.
მან ასევე ისაუბრა გავრცელებულ აუდიო ჩანაწერზე, სადაც მმართველი პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი პუტინთან დაახლოებულ, სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს ესაუბრება. ამ ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის. მელია ჩანაწერს განიხილავს როგორც მტკიცებულებას, ივანიშვილისთვის სანქციების დაკისრებისთვის.
“სანქციების ჭურვები ბიძინა ივანიშვილთან სულ უფრო ახლოს ეცემა. გუშინდელი ჩანაწერი არის დასტური იმის, რომ ბიძინა ივანიშვილი არა უბრალოდ ურთიერთობს სანქცირებულ რუს ბიზნესმენებთან და წარმატებას უსურვებს უკრაინასთან ომში რუსეთის ფედერაციას პუტინის პირად წარმომადგენლებს, არამედ ამ ადამიანებთან არის ჩართული ბიზნეს-თვალსაზრისით და შოულობს ფულს" - თქვა მელიამ. მან ბიძინა ივანიშვილს ქმედებას "მორალური დაცემის მაგალითი" უწოდა. სატელეფონო საუბრის ჩანაწერი 25 აპრილს გავრცელდა.
ამავე ბრიფინგზე ნიკა მელიამ ისაუბრა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დამძიმებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და გამოთქვა იმედი, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაფიქრდება მისი პოზიციის შესახებ, რაც სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით აქვს და განიხილავს მისი შეწყალების შესაძლებლობას.
დაწერეთ კომენტარი