Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საანგარიშო პალატის თავმჯდომარე: 1,5-2 წლის განმავლობაში რუსეთი „ძალიან ცუდ მდგომარეობაში“ იქნება


რუსეთის საანგარიშო პალატის თავმჯდომარე ალექსეი კუდრინი.
რუსეთის საანგარიშო პალატის თავმჯდომარე ალექსეი კუდრინი.

უახლოესი 1,5-2 წლის განმავლობაში რუსეთი „ძალიან ცუდ მდგომარეობაში“ იქნება. ამის შესახებ რუსეთის საანგარიშო პალატის თავმჯდომარემ, ალექსეი კუდრინმა განაცხადა სანქტ-პეტერბურგში, კანონმდებელთა საბჭოს სხდომაზე.

საბაზისო პროგნოზით, რუსეთში 2022 წელს ინფლაცია 20,7%-ს შეადგენს და 6%-ზე მეტი - 2023 წელს. მისი ანგარიშით, დასავლეთის მასშტაბური სანქციების პირობებში ეკონომიკის მხარდაჭერისთვის უკვე წელს იქნება საჭირო ექვს ტრილიონ რუბლზე მეტის დახარჯვა. მან ასევე აღნიშნა, რომ სანქციების გამო რუსეთის რეგიონების ეკონომიკა უახლოეს პერიოდში ძალიან დიფერენცირებული იქნება.

წელს რუსეთის ეკონომიკის ვარდნა, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შეფასებით, თითქმის 9%-ს მიაღწევს.

მარტის დამდეგს რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ გამოკითხულმა ანალიტიკოსებმა რუსეთში 2022 წლისთვის ინფლაციის დონე 20%-ის დონეზე ივარაუდეს. მათი შეფასებით, რუსეთის საერთო შიდა პროდუქტი წელს 8%-ით შემცირდება, 2023 წელს ეკონომიკის ზრდა 1%-ს შეადგენს.

"როსსტატის" მონაცემებით, თვიურმა ინფლაციამ მარტში 7,6% შეადგინა. შარშანდელ მარტთან შედარებით ფასები 16,7%-ით გაიზარდა. ამაზე უფრო მაღალი ინფლაცია უკანასკნელად დაფიქსირდა 2015 წელს, როცა ის 16,9% იყო.

ფასების ზრდას უკავშირებენ უპრეცედენტო სანქციებს, რომლებიც დაუწესეს რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

ამავე დროს რუსეთმა სანქციების ფონზე შეწყვიტა საგარეო და საშინაო დავალიანების შესახებ ეკონომიკური ინფორმაციის, საბაზრო სტატისტიკისა და ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის მოცულობის შესახებ მონაცემების გამოქვეყნება, წერს Wall Street Journal-ი. გამოცემის ვარაუდით, ეს კეთდება იმისთვის, რომ დაიმალოს ეკონომიკის რეალური მდგომარეობა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების შემდეგ.

XS
SM
MD
LG