Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯარიმები იზრდება, ტროტუარზე დაპარკინგებულ მანქანებს კი დაუყოვნებლივ გადაიყვანენ - კანონპროექტი


"ქართული ოცნება" მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც გამკაცრდება პარკირების წესები, რიგ შემთხვევებში კი მანქანებს ევაკუატორებითაც კი გადაიყვანენ. დაგეგმილ ცვლილებებზე საქართველოს პარლამენტის წევრმა და საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა ბექა დავითულიანმა ისაუბრა.

მისი თქმით:

  • ტროტუარებზე მანქანის დაპარკინგების შემთხვევაში, მას დაუყოვნებლივ გადაიყვანენ;
  • განისაზღვრება საავტობუსე ზოლებში ტაქსის გადასვლისა და გაჩერების ადგილები;
  • გაუქმდება მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვების წესი, სამართალდამრღვევს ოქმი გაეგზავნება სტანდარტული წესით და ამავდროულად მიუვა სმს შეტყობინება;
  • მანქანით ველოსიპედის ბილიკზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება; ტაქსის პარკირების ადგილზე გაჩერება; სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება; ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირება და შშმ პირებისთვის განკუთვნილ გაჩერების ადგილზე პარკირება გამკაცრებული ჯარიმით დაისჯება. ჯარიმა გაორმაგდება და 100 ლარი გახდება;
  • მსუბუქი მანქანისათვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და სხვა შეუსაბამო ტიპის სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის ჯარიმა 100 ლარი იქნება;
  • პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 დან 50 ლარამდე გაიზრდება.

"ფეხით მოსიარულეების, შშმ პირების, ველოსიპედებითა და ელექტროტრანსორტით მოსარგებლე მოქალაქეების უფლებების დაცვის მეტი გარანტიის უზრუნველყოფას, რაც პირდაპირპროპორციულ გავლენას მოახდენს მთლიანად სატრანსპორტო პოლიტიკის ფუნქციონირებაზე. აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვანი რგოლია რეფორმების იმ ჯაჭვში, რომელიც ჩვენს დედაქალაქში თანამედროვე, ევროპული ტიპის, მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემის ფორმირებას ემსახურება", - თქვა დავითულიანმა.

თბილისის მერიამ ბოლო რამდენიმე თვეა ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარება დაიწყო. მუნიციპალიტეტს უნდა გაიზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრთა რაოდენობა და უფრო მეტმა ადამიანმა პირადი მანქანის ნაცვლად იმგზავროს მეტროთი ან ავტობუსით.

1 თებერვლიდან ამოქმედდა ერთიანი სატრანსპორტო სქემა, რომელშიც მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსებია ჩართული - მგზავრობის ერთჯერადი საფასური 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარი გახდა, თუმცა მოქალაქეები, განსაკუთრებით გარეუბნებში, მუდმივად წუწუნებენ, რომ ვერ ახერხებენ ტრანსპორტით მგზავრობას, რადგან ის გადატვირთულია.

XS
SM
MD
LG