Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელიას თქმით, "ქართულ ოცნებას" სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა აუცილებლად მოუწევს


ნიკა მელია, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა აუცილებლად მოუწევს. მისივე თქმით, გამორიცხულია მიხეილ სააკაშვილმა 6-წლიანი სასჯელი მოიხადოს.

"არ არსებობს არგუმენტი, შენ ადამიანს ციხეში კლავდე, ამის მტკიცებულებები არსებობდეს და ჯიუტად საუბრობდე, რომ ეს ადამიანი, დიახაც, უნდა იყოს ტყვეობაში. ეს ადამიანი ვერ იქნება ტყვეობაში. ეს ადამიანი აუცილებლად იქნება გადაყვანილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ და რაც არ უნდა ბატონი კობახიძე და სხვები საუბრობდნენ და იხტიბარს არ იტეხდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა 6-წლიანი სასჯელი უნდა მოიხადოს, ეს არის გამორიცხული. გამორიცხულია, ჩემზე კარგად იციან. ისინი საკუთარ ამომრჩევლებს, საკუთარი პარტიის მხარდამჭერებს ელაპარაკებიან და არ უნდათ, რომ რეალობას თვალი საჯაროდ გაუსწორონ. რეალობა კი სრულიად საპირისპიროა. მათ აუცილებლად მოუწევთ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა", - განაცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, გამოცემა Foreign Policy-სთან თქვა, რომ სააკაშვილის შეწყალება საზოგადოებაში პოლარიზაციას გაზრდის. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემა გამოკვეთა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის დასმული მძიმე დიაგნოზი გარემოებებს შეცვლიდა.

პრეზიდენტის განცხადებას ენმ-ის თავმჯდომარე გამოეხმაურა და თქვა, რომ ზურაბიშვილმა ორივე მხრივ არასწორი განცხადებები გააკეთა.

"არც ადამიანური და არც პოლიტიკური თვალსაზრისით ქალბატონი ზურაბიშვილის განცხადებები ვერ და არ იქნება გამართლებული. მას აქვს ის შესაძლებლობა, რომ ქვეყანას აარიდოს კიდევ უფრო არასტაბილური განვითარების პერსპექტივები, რომლის წინაშე ჩვენ ვდგავართ", - განაცხადა ნიკა მელიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG