Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალ კვინიტაძის საფლავისთვის მერიამ ბიუსტი შეუკვეთა - სკულპტურის ღირებულება 46 000 ლარია


თბილისის მერია 26 მაისისთვის გენერალ გიორგი კვინიტაძის საფლავზე მისი ბიუსტის განთავსებას გეგმავს - დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბრძანება ბიუსტისთვის საჭირო მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვის შესახებ 26 აპრილს გამოსცა.

ბიუსტის ღირებულება 46 ათასი ლარია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში არ ჩანს, ვინ იქნება მისი ავტორი, თუმცა ნათქვამია, რომ "ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა გენერალ კვინიტაძის საფლავის და ბიუსტის ესკიზის შეთანხმება ოჯახის წევრებთან და საფრანგეთში ქართველთა ისტორიულ სათვისტომოსთან."

საფრანგეთიდან საქართველოში გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი 2021 წლის 22 მაისს გადმოასვენეს, 26 მაისს კი ქალაქ თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

2022 წლის თებერვალში მედიაში გამოჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ გენერლის საფლავი მისი საქართველოში გადმოსვენების თითქმის ერთი წლის შემდეგაც მოუპირკეთებელია. თბილისის მერიას საფლავის მოპირკეთებისთვის კიდევ ერთი შესყიდვა აქვს გამოცხადებული - ამ მომსახურებისთვის ქალაქის მთავრობამ 45 000 ლარი გამოყო.

"გენერალი გიორგი კვინიტაძე ეროვნული გმირია, მრავალი ადამიანი გამოთქვამს სურვილს მოინახულოს საფლავი და პატივი მიაგოს გენერალს. შესაბამისად, გენერლის საფლავზე მისი ბიუსტის არსებობა ძალზე მნიშვნელოვანი და მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 2022 წლის 26 მაისს ქართველმა საზოგადოებამ პატივი უნდა მიაგოს გენერლის საფლავს და შეამკოს გვირგვინით", - ნათქვამია შესყიდვის დოკუმენტაციაში.

გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა 1919 წელს ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში, საფრანგეთში წავიდა.

"არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა", - ეს გიორგი კვინიტაძის სიტყვებია. მან ღრმა სიბერემდე იცოცხლა და 1970 წელს ემიგრაციაში გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG