Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სასამართლომ პარლამენტის ყოფილ დეპუტატ ოლეგ ცარიოვს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა


ოლეგ ცარიოვი (მარჯვნივ) "მაიდნის" ამბოხების წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე მოსკოვში. 2015 წ. 21 თებერვალი.
ოლეგ ცარიოვი (მარჯვნივ) "მაიდნის" ამბოხების წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე მოსკოვში. 2015 წ. 21 თებერვალი.

კიევის შევჩენკოს რაიონის სასამართლომ ვერხოვნა რადის სამი მოწვევის დეპუტატს, ოლეგ ცარიოვს დაუსწრებლად მიუსაჯა 12 წლით პატიმრობა. ის დამნაშავედ ცნეს უკრაინის ტერიტორიისა და სახელმწიფო საზღვრების შეცვლისა და კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი შეცვლის მოწოდებებისთვის. ამის შესახებ გამოცემა „სუდებნი რეპორტიორი“ იტყობინება.

საქმე ეხება ყოფილი დეპუტატის 2014 წლის გამონათქვამებს რუსეთის ტელეარხებში. ცარიოვი აკრიტიკებდა მაიდნის მოვლენებს და ახალ ხელისუფლებას არალეგიტიმურს უწოდებდა, ითხოვდა, რომ რუსულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი მინიჭებოდა, ასევე პროპაგანდას უწევდა ხელისუფლების დეცენტრალიზაციის იდეას, ახალი რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის შექმნას. მოგვიანებით კიევი მას ბრალს სდებდა, რომ ის პრორუსული ორიენტაციის სეპარატისტების საქმიანობაში მონაწილეობდა.

თებერვალში გაზეთი Financial Times-ი წერდა, რომ ცარიოვი შესაძლოა იყოს კანდიდატი პრორუსული მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე, რომლის ხელისუფლებაში მოყვანაც სურს მოსკოვს უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ცარიოვი ამას უარყოფს.

მარტში ის კრივოი როგის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და მერს მოუწოდებდა, დანებებულიყვნენ რუსეთის არმიას, იხსენებს „უკრაინსკაია პრავდა“. გარდა ამისა, ის ჩავიდა კიევის ოლქის იმ რაიონებში, რომლებსაც რუსეთის არმია აკონტროლებდა.

ამისთვის ის გამოცხადებულია კოლაბორაციონიზმში ეჭვმიტანილად. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

XS
SM
MD
LG