უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, 3 მაისის საღამოდან რუსეთის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა კასპიის რეგიონიდან სარაკეტო დარტყმები განახორციელეს დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ლვოვის, ვინიცის, კიევის და ზაკარპატიეს ოლქების ინფრასტრუქტურაზე. სარდლობის თანახმად, სხვა საშუალებების გამოყენებით, სარაკეტო შეტევა განხორციელდა ოდესის და დონეცკის ოლქებზეც.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობითვე, სავარაუდოდ, გამოყენებული იყო 18 რაკეტა. წინასწარი ინფორმაციით, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ 8 რუსული რაკეტა მოიგერია.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, სარაკეტო იერიშების ძირითადი სამიზნე იყო სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და ელექტროსადგურები.
არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, დაღუპულია 21 ადამიანი. კირილენკომ ტელეგრამზე დაწერა, რომ ეს ერთ დღეში ყველაზე დიდი მსხვერპლია კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმის შემდეგ. კრამატროსკის სადგურზე 8 აპრილს განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა
უკრაინის ტერიტორიის ინტენსიურ დაბომბვას რუსეთის უძლურების გამოხატულება უწოდა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„რაც უფრო მეტია ასეთი დარტყმები, მით უფრო შორსაა რუსეთი ცივილიზაციისგან“, - განაცხადა ზელენსკიმ გასულ ღამით, ვიდეომიმართვისას. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსი სამხედროები ნერვიულად რეაგირებენ უკრაინელების წარმატებებზე.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".
რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს.
დაწერეთ კომენტარი