Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი: რუსეთის არმია დონბასში მნიშვნელოვან წარმატებას ვერ აღწევს


რუსი სამხედროები ტანკში T-72. ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის 21 აპრილი
რუსი სამხედროები ტანკში T-72. ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის 21 აპრილი

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსეთის არმიას დონბასში, საუკეთესო შემთხვევაში, ისევ მინიმალური პროგრესი აქვს. პენტაგონის მაღალჩინოსანმა 2 მაისს ვაშინგტონში განაცხადა, რომ რუსეთმა უმნიშვნელო წარმატებას მიაღწია უკრაინის ლუგანსკის ოლქის ქალაქების, იზიუმის და პოპასნაიას აღმოსავლეთში.

პენტაგონის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები განიცდიან ცუდ მართვას და ხელმძღვანელობას, ბევრ ქვედანაყოფში საბრძოლო სული დაბალია, ლოგისტიკა კი, იდეალურისგან საკმაოდ შორსაა.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა უკრაინის ზოგიერთ რაიონში რუსი სამხედროების მდგომარეობა ანემიას შეადარა.

პენტაგონის შეფასებითვე, უკრაინის არმია ისევ აჩვენებს მტკიცე წინააღმდეგობის კარგ მაგალითს, მათ შორის ხარკოვთან, რომელსაც რუსეთის სამხედრო ძალების შესვლისგან იცავს და მოწინააღმდეგე აიძულა ქალაქიდან დაეხია დაახლოებით 40 კილომეტრით.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის არმია განაგრძობს ხარკოვის და მარიუპოლის დაბომბვას, თუმცა, ზოგადი სიტუაცია, პრაქტიკულად, უცვლელია. პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა 2125-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა.

რაც შეეხება გასულ კვირაში გავრცელებულ ცნობებს, რომ უკრაინაში დაიჭრა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, პენტაგონის თანახმად, გერასიმოვი რამდენიმე დღის განმავლობაში დონბასში მართლაც იმყოფებოდა, თუმცა, ინფორმაციას მისი დაჭრის შესახებ, ვერც უარყოფენ და ვერც დაადასტურებენ.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".

რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG