თბილისის მერი და მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველს, მიხაილო პოდოლიაკს "სამარცხვინო არსებას" უწოდებს. ასე გამოეხმაურა კალაძე პოდოლიაკის იმ კომენტარს, რომელშიც "ქართული ოცნების" დამფუძნებელზე, ბიძინა ივანიშვილზე საუბრობდა.
"პოდოლიაკის განცხადება არის სამარცხვინო. ჩვენ არაერთი სამარცხვინო განცხადება მოგვისმენია და ჩემი თხოვნა იქნება, ძალიან მარტივად ჩაეძიოთ და მოიძიოთ, ვინ არის პოდოლიაკი. ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ.
მე უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კავშირები მაქვს, წლების განმავლობაში ვცხოვრობდი, იქ ვთამაშობდი და ასეთი არსებები, როგორიც პოდოლიაკია, არიან სამარცხვინო. ჩემი თხოვნა იქნება, ნახეთ ვინ არის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წარმოადგენდა ვინმე პოდოლიაკი", - თქვა კალაძემ.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ილაპარაკა საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილზე, მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობებზე და უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე.
"სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის და არა ხალხის პოზიცია აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აქვს გავლენა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო, ცოტა არ იყოს, უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს, არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციას, როგორიც აქვთ ევროპის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს", - თქვა მან.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობებსა და გზების ძიებაზე. უწყების ცნობით, მოსკოვი ცდილობს სხვა ქვეყნების საშუალებით შეამციროს სანქციების გავლენა და მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის შესახებ.
უკრაინაში რუსეთმა საომარი მოქმედებები 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ დაიბომბა სამხედრო ობიექტები, საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, გარდაცვლილია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. უკრაინა პარტნიორი ქვეყნების მხრიდან იღებს სამხედრო დახმარებას და პარალელურად, ეს ქვეყნები სანქციებს უწესებენ რუსულ ბიზნესებს.
დაწერეთ კომენტარი