Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტმა ქეთი თუთბერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებელი დატოვა 


ქეთი თუთბერიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი

საზოგადოებრივი მაუწყებელი დატოვა ჟურნალისტმა ქეთი თუთბერიძემ. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, არხიდან წასვლის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელად ვასილ მაღლაფერიძის არჩევის შემდეგ ფიქრობდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ბოლო დღეებში მომხდარი შემთხვევის შემდეგ მიიღო.

"მედიაჩექერთან" ქეთი თუთბერიძის ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ მან 2 მაისს სამსახურიდან წასვლის შესახებ შემდეგი შინაარსის განცხადება დაწერა: „ბოლო დღეებია, ჩემთვის ტოქსიკური გარემოა, რადგან ორი თანამშრომლისგან სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ცილისწამების მსხვერპლი გავხდი. სამსახურში ბულინგის ასეთი პრეცედენტი ჩემთვის პირველი შემთხვევაა“.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ქეთი თუთბერიძემ არ ისურვა ამ ორი თანამშრომლის ვინაობის დასახელება, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი არა ხელმძღვანელები, არამედ ჟურნალისტები არიან. როგორც თუთბერიძემ გვითხრა, ბევრი სხვა კოლეგისგან იგრძნო მხარდაჭერა.

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წასვლის ძირითად მიზეზს, ქეთი თუთბერიძე "მედიაჩექერთან" ჰყვება:

„2017 წლის დასაწყისიდან 2018 წლის ოქტომბრამდე ისე ვიმუშავე „მოამბეში“, რომ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ჩარევის ერთი მცდელობაც არ მახსენდება. 2019 წლიდან კი, როცა "ახალ კვირაში" გადავედი და ანალიტიკურ მასალებზე დავიწყე მუშაობა, ნელ-ნელა დაიწყო ზეწოლა, თითქოს, ხიბლში შედიოდა ეს კონტროლი".

ჟურნალისტი კიდევ ერთ ეპიზოდს იხსენებს, რომელიც უკავშირდება გადაცემა „ახალი კვირის" დახურვას.

„ახალ კვირაში“ რეორგანიზაციის დაწყების შემდეგ, „მოამბეში“ გადავედი, იქაც საერთაშორისო პოლიტიკას ვაშუქებდი. ჩემს საქმიანობაში არავინ ჩარეულა, არც არავისთან მქონია კონფლიქტი, პირიქით, უმრავლესობასთან მეგობრული ან საქმიანი ურთიერთობა მაქვს. მაგრამ 25 მარტს გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, ეჭვით დამიწყეს ყურება. ბოლოს კი, როცა საჯარო კომენტარით გავაპროტესტე მათი გაშვება მოკვლევის დასრულების გარეშე, ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეურაცხყოფა მომაყენა, ოთახში შემომივარდა.

ახლა რამდენიმე ადამიანი ჩემი რეპუტაციის შელახვას ცდილობს. უცებ აგორდა ჩემზე ბინძური კამპანია, რომ მე ვარ ამ პროცესების „რუხი კარდინალი“ და ტელევიზიაში „გადატრიალება დამიგეგმავს“. სხვა ვერსიაც მესმის, რომ თურმე ცენზურის მცდელობის არცერთი ფაქტი არ დამიდასტურებია. საბედნიეროდ, დირექტორთა საბჭოსთვის მიცემული ჩემი ჩვენების ჩანაწერი არსებობს", - თქვა ქეთი თუთბერიძემ.

რადიო თავისუფლება ცდილობდა არხის დირექტორთან, თინათინ ბერძენიშვილთან დაკავშირებას, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ბრძანებით, ტელევიზიიდან გაათავისუფლეს ის სამი თანამშრომელი, რომლებიც არხზე ე.წ. შავ სიასა და ცენზურაზე საუბრობდნენ.

ჟურნალისტების გათავისუფლების მიზეზად არხის დირექტორმა ბრძანებაში "საჯარო სივრცეში გავრცელებული დაუსაბუთებელი და ცრუ განცხადებები" დაასახელა.

საზოგადოებრივ მაუწყებელში ე.წ. შავ სიებსა და ცენზურაზე არხის თანამშრომლები თებერვლიდან საუბრობენ. "ახალი კვირის" წამყვანი იმედა დარსალია ამბობდა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ორწლიანი მცდელობის შემდეგ, მისი ეთერიდან მოხსნა გადაწყვიტეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG