Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გარდაუვალი იქნება ახალი დანაკარგები“ - რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის


საპროტესტო აქცია ერევანში. 4 მაისი, 2022 წელი
საპროტესტო აქცია ერევანში. 4 მაისი, 2022 წელი

ერევანში პროტესტი არ ცხრება. „სომხეთი ნიკოლის გარეშე”, „ფაშინიანმა გაყიდა სომხეთი“ - ასეთი შეძახილები მეორე კვირაა ისმის და ოპოზიცია, დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომას დაჟინებით ითხოვს.

ნიკოლ ფაშინიანს ოპონენტები სომხეთის ინტერესების ღალატსა და ყარაბაღის საკითხზე აზერბაიჯანთან წამგებიანი გარიგების დადებაში სდებენ ბრალს. ექსპერტების შეფასებით, ვითარება სახიფათოა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია სომხეთში მაღალი რეიტინგით არ გამოირჩევა.

უსაფრთხოების კუთხით, სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც, მთავარი აქცენტი ისევ რუსეთის მიერ ზეგავლენების შენარჩუნების მცდელობაზე კეთდება.

  • რა ხდება სომხეთში და რა შეიძლება შეცვალოს კვლავაც სადავო მთიანი ყარაბაღის გარშემო?

ბრალდებები, პროტესტი, კარვები

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც 1 მაისის შემდეგ, ღამეს ერევნის ცენტრში, საფრანგეთის მოედანზე გაშლილ კარვებში ათევენ, 5 მაისს ქუჩის საპროტესტო მსვლელობა განაგრძეს. დილიდან ვრცელდებოდა ცნობები დედაქალაქის ზოგიერთი ქუჩის გადაკეტვისა და აქტივისტების დაკავების შესახებ.

მეთვალყურეების თქმით, აქტივისტებს შორის ბევრია ახალგაზრდა, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

ბოლო დღეებში, სხვადასხვა ინფორმაციით, პოლიციამ, სულ მცირე, 450 ადამიანი დააკავა. 5 მაისს გავრცელდა ცნობები კიდევ 92 ადამიანის დაკავების შესახებ.

25 აპრილს დაწყებული აქციების მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომაა. მას ოპონენტები მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის დათმობაში ადანაშაულებენ.

„ფაქტობრივად, ის [ფაშინიანი] ავითარებს თეზისს „ყარაბაღი აზერბაიჯანია და წერტილი“ და მხარს უჭერს თურქეთ-აზერბაიჯანის პოზიციას - არცახის [მთიანი ყარაბაღის - რთ] აზერბაიჯანის ნაწილად აღიარების შესახებ... შეგვპირდა ეკონომიკის ნახტომისებურ ზრდას, მაგრამ იზრდება მხოლოდ სახელმწიფო ვალი, სიღარიბე, ფასები და სიკვდილიანობა“, - ეს არის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნის ტექსტის ფრაგმენტი, რომელიც ოპოზიციური ფრაქცია „სომხეთის“ დეპუტატმა, არმენ რუსტამიანმა 4 მაისს პარლამენტში წაიკითხა.

ოპოზიციის დეპუტატები, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტს, ამ დღეს საგანგებოდ მივიდნენ სხდომაზე, სადაც სამთავრობო საათის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი იყო მიწვეული.

როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იტყობინება, პრემიერმა სცადა პასუხი გაეცა ბრალდებებისთვის და რაღაც საიდუმლოსთვის ფარდის ახდის პირობაც დადო, მაგრამ ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა და საბოლოოდ, ერთ ეპიზოდში, ფაშინიანმა ოპონენტებს ფრუნზიკ მკრტჩიანის ისტორიაც შეახსენა - თუ როგორ უშედეგოდ გამოხატა მან ოტელოს როლის შესრულების სურვილი (ცნობილ მსახიობს მიეწერება სიტყვები "ოტელოს როლში რომ მნახავენ, ბოლოს და ბოლოს გაიგებენ, ვინ არის ფრუნზიკ მკრტჩიანი”).

თანახმაა თუ არა ფაშინიანი, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილი გახდეს?

მსგავსი პირდაპირი განცხადება სომხეთის პრემიერს არასოდეს გაუკეთებია. თუმცა ოპოზიცია სწორედ ასე განმარტავს 13 აპრილს მის მიერ პარლამენტში წარმოთქმულ შემდეგ სიტყვებს:

„ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ სომხეთს არასოდეს ჰქონდა ტერიტორიული პრეტენზიები აზერბაიჯანის მიმართ; ხოლო ყარაბაღის საკითხი არის არა ტერიტორიული, არამედ სამართლებრივი საკითხი“.

ფაშინიანის ამ განცხადებას წინ უძღოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრა ბრიუსელში. ამ შეხვედრაში მონაწილეობდა ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც.

აზერბაიჯანელი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ევროკავშირის შტაბბინაში მიღწეული შეთანხმებით, სომხეთის პრემიერი, მშვიდობისა და განვითარების პერსპექტივით, დაეთანხმა ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის მიკუთვნებას.

თუმცა რუსეთმა, ზეგავლენის დაკარგვის შიშით, ყველაფერი არია და უკვე 19 აპრილის შემდეგ, რაც მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა, ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღთან მიმართებით რიტორიკა გაამკაცრა.

როგორ განმარტავს თავად ფაშინიანი ყარაბაღის საკითხს?

„მოლაპარაკებების საიდუმლოდ წარმართვა არალოგიკურია. ასეთი რამის წარმოდგენა შეუძლებელია“, - განაცხადა მან 29 აპრილს, მთიანი ყარაბაღის ლიდერთან არაიკ არუტიუნიანთან შეხვედრის დროს.

რამდენიმე დღით ადრე კი, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „2020 წლის 9 ნოემბრის შემდეგ არ ყოფილა არცერთი პროექტი ან მონახაზი მთიანი ყარაბაღის საკითხის დარეგულირების კუთხით, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდაზე დაიდებოდა“. ასევე ფაშინიანის სიტყვებია, რომ მშვიდობა არ ნიშნავს დამარცხებას და რომ „არცახის [ყარაბაღის] ხალხმა უნდა იცხოვროს არცახში, თავი იგრძნონ არცახელებად, ყარაბაღელებად და სომხებად“.

აქცია ერევანში. 5 მაისი, 2022 წელი
აქცია ერევანში. 5 მაისი, 2022 წელი

დაძაბულობა და რუსეთის ხელი

მთიანი ყარაბაღის მორიგი, 44-დღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა თითქოს ყველაფერი სათავისოდ დაალაგა: მშვიდობისმყოფელის სტატუსი მოირგო, მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაადებინა და რეგიონში 2000-წევრიანი სამხედრო კონტინგენტიც შეიყვანა.

44-დღიანი ომის შედეგად, აზერბაიჯანის ხელში გადავიდა: მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის 1/3 და ასევე - ერთნიკური სომხებით დასახლებული 7 მიმდებარე რაიონი.

მაგრამ უკრაინაში დაწყებული ომის პარალელურად, მოსკოვს ყარაბაღში ახალი თავსატეხი გაუჩნდა. მარტის ბოლოს, აზერბაიჯანის არმიამ დაიკავა სტრატეგიული სიმაღლე, საიდანაც, სამხედრო ექსპერტების განმარტებით, ქალაქ აგდამის დაცვა იყო შესაძლებელი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მიანიშნებდა, რომ ბაქომ დაარღვია „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“ და უპილოტო საფრენ აპარატ „ბაირაქთარით“ ოთხი დარტყმა განახორციელა დასახლებულ პუნქტ ფურუხის მახლობლად. მოსკოვს ბაქოდან შეუსწორეს, რომ ეს სოფელი არა ფურუხი, არამედ ფარუხია.

25 მარტს აზერბაიჯანის ძალებთან შეტაკების შედეგად, ხუთი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა და კიდევ რამდენიმე დაიჭრა.

ვითარება აირია. აზერბაიჯანში რუსეთის მიერ შეუსრულებელ დაპირებებზე ალაპარაკდნენ და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ბაქო მოსკოვს ერთგვარად გაუჯიუტდა.

27 მარტით დათარიღებულ თავის განცხადებაში, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის თავდაცვის უწყებას, სიცრუის გავრცელების გარდა, უპატივცემლობაშიც ადანაშაულებდა და იქვე აფრთხილებდა, რომ საერთოდ აღარ უნდა ეხსენებინა „მთიანი ყარაბაღი“, რადგან ასეთი სახელწოდების „ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ არის“.

რუსეთის ზეწოლაზე ლაპარაკობს აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი არიფ იუნუსოვი და როგორც ის უკრაინული არხის „FreeДом“-ის ეთერში აღნიშნავს, რუსეთმა ყარაბაღში შესაძლოა „ყირიმი 2“-ის სცენარიც განახორციელოს.

„ყარაბაღში რუსეთის გულმხურვალე მხარდამჭერები არიან. რუსული ენა მეორე სახელმწიფო ენაა, მიუხედავად იმისა, რომ რუსები და რუსულენოვანი მოსახლეობა იქ 243 ადამიანს წარმოადგენს... საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი იქ განახორციელებს ოპერაციას „ყირიმი 2“ - მთიანი ყარაბაღი ჩაატარებს რეფერენდუმს და მოითხოვს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას. ეს ვარაუდი არსებობს და მესიჯია აზერბაიჯანისთვის, რომ თუკი რუსეთის სურვილის მიხედვით არ მოიქცევა, ასე დაემართება“, - ამბობს აზერბაიჯანელი ანალიტიკოსი.

რუსეთის ბნელ ზრახვებზე ლაპარაკობენ სომხეთშიც.

საზოგადოებრივი ინიციატივის მხარდაჭერის ცენტრ „თავისუფალი მოქალაქის“ ხელმძღვანელი, ყოფილი პოლიტიკოსი ოვსეპ ხურშუდიანი, იუთუბარხ „Repat Riarch“-ზე აღნიშნავს, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება, ის არ ასრულებს სამოკავშირეო ვალდებულებებს და სომხეთის წინააღმდეგ იარაღითაც ყოველთვის ეხმარებოდა აზერბაიჯანს.

ხურშუდიანი ამბობს, რომ ფაშინიანი აზერბაიჯანს, მათ შორის ყარაბაღის სტატუსზეც, დიპლომატიურად ეპაექრება, რაც თავისთავად პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ სომხეთს აქვს სხვა, დიდი პრობლემა - „მეხუთე კოლონის არსებობა“, რომელსაც მუდმივად იყენებს რუსეთი.

მოსალოდნელი საფრთხე

პრორუსულ განწყობებს წინა ხელისუფლებათა წარმომადგენლებს შორის ხედავს სომეხი პოლიტოლოგი სტეფან გრიგორიანი, მაგრამ ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს შორის ხელს მაინც არავის ადებს.

25 აპრილს დაწყებულ საპროტესტო ტალღას გრიგორიანი საყურადღებოდ მიიჩნევს იმის გამო, რომ გაერთიანებული ოპოზიციის რიგებში უწინდელივით მხოლოდ „ძველების მხარდამჭერები არ არიან" და „პროტესტის წრე გაფართოებულია“.

ექსპერტი აცხადებს, რომ ახლა შიდა პოლიტიკური დაპირისპირება ძალიან სახიფათოა სომხეთისთვის, რადგან როცა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება სრულად არის გადართული უკრაინისკენ, „გარდაუვალი იქნება ახალი დანაკარგები [სომხეთისთვის]“.

პარალელურად, მედია ავრცელებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ერთგვარ მუქარანარევ გაფრთხილებას, რომ თუკი "სომხეთის ხელისუფლება და მთელი პოლიტიკური სპექტრი" არ გაიაზრებს ახალ რეალობას და უარს არ იტყვის "შურისძიების მცდელობებზე", ეს მოიტანს "უფრო მეტ ტკივილს სომხეთისთვის" და ასევე "ეს შეეწინააღმდეგება რეგიონისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნებს - ბოლოს და ბოლოს დამყარდეს მშვიდობა“.

მარტში, როცა მთიან ყარაბაღში ვითარება დაიძაბა და ისევ გავარდა ტყვია, ექსპერტებმა ივარაუდეს, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო მეორე ფრონტის გახსნა რუსეთისთვის, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG