Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს


სამხედრო აღლუმის მონაწილეები მოსკოვის წითელ მოედანზე. 2022 წლის 9 მაისი
სამხედრო აღლუმის მონაწილეები მოსკოვის წითელ მოედანზე. 2022 წლის 9 მაისი

მოსკოვის წითელ მოედანზე დაიწყო „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი. მას პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ესწრება, მთავრობის და შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნებთან ერთად.

აღლუმისთვის მზადყოფნის პატაკი ჩაიბარა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, რომელმაც, თავის მხრივ, პრეზიდენტ პუტინს აცნობა, რომ სამხედრო ძალები აღლუმისთვის მოწყობილია. რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ინფორმაციით, აღლუმში მონაწილეობს 11 ათასამდე სამხედრო. მათ რუსეთის ფედერაციის დროშებთან ერთად, თან აქვთ ყოფილი საბჭოთა კავშირის დროშებიც.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამხედრო აღლუმის "საჰაერო ნაწილი არ ჩატარდება ამინდის გამო".

რუსეთი წითელ მოედანზე მასშტაბურ სამხედრო აღლუმს ატარებს უკრაინის წინააღმდეგ ომის პერიოდში.

პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს.

XS
SM
MD
LG