Accessibility links

site logo site logo

როგორ ისწავლება მეორე მსოფლიო ომი?


"ორი დიქტატორი", 1930-იანი წლების ბრიტანული კარიკატურა

მეორე მსოფლიო ომის წინაპირობებს, მის დასაწყისს, ფაზებს, დასასრულსა და ომის შედეგებს მოსწავლეები მეცხრე და მეთორმეტე კლასებში სწავლობენ. არის თუ არა ამ მხრივ ისტორიის თანამედროვე სახელმძღვანელოები მრავალმხრივი წყაროებითა და კონკრეტული ფაქტებით გაჯერებული? არის თუ არა სრულად დისტანცირებული საბჭოური კლიშეებისგან, იმისათვის, რომ მოსწავლეებმა მაქსიმალურად შეძლონ სრულყოფილი ინფორმაციის მიღება მეორე მსოფლიო ომის კონტექსტის, თავად ომისა და შემდგომ უკვე მისი შედეგების შესახებ? - ეს არის ის მთავარი კითხვები და გამოწვევები, რასაც ისტორიკოსები და მკვლევრები დღეს, ქვეყანაში გრიფირებულ ისტორიის სახელმძღვანელოებს უყენებენ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ისტორიის რამდენიმე სახელმძღვანელო აქვს გრიფირებული. უახლოეს პერიოდში იგეგმება ახალი სახელმძღვანელოების გრიფირებაც. ისტორიკოსების ნაწილს მიაჩნია, რომ სახელმძღვანელოებს, რომლებითაც დღეს სკოლის მოსწავლეები ისტორიას და ამ შემთხვევაში, კონკრეტულად მეორე მსოფლიო ომის ისტორიას შეისწავლიან, პრობლემა რამდენიმე მიმართულებით აქვთ.

მათ შორისაა ირაკლი ხვადაგიანი, ისტორიკოსი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი. ის თვლის, რომ მაშინ, როდესაც ერთი მხრივ, სახელმძღვანელოების რიგი კომპონენტები საკმაოდ გამართულია, მეორე მხრივ, წიგნებში ხშირია როგორც ფაქტობრივი შეცდომები, ისე ისტორიის „პერსონალური ინტერპრეტაციები“.

და თუკი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის მონაკვეთზე გავასწორებთ ფოკუსს, ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდს, ისევე როგორც ზოგადად, უახლეს ისტორიას, სკოლის სახელმძღვანელოებსა და სასწავლო გეგმაში მცირე დრო და ფორმატი ეთმობა:

ირაკლი ხვადაგიანი
ირაკლი ხვადაგიანი

„როდესაც მაგალითად, კითხვას ვსვამთ, როგორ ისწავლება მეორე მსოფლიო ომი სკოლაში, აქ უკვე ვაწყდებით სწავლების სფეროში არსებულ პრობლემას, რომ ზოგადად, ისტორიის უახლესი პერიოდის შესწავლას ცოტა დრო ეთმობა. ეს განსაკუთრებით საგრძნობია მეთორმეტე კლასში. მიუხედავად იმისა, რომ მეთორმეტე კლასის სახელმძღვანელო სწორედ უახლეს პერიოდს ეთმობა, როგორც პრაქტიკა, პედაგოგები და თავად მოსწავლეები ამბობენ, ეს წელი, ფაქტობრივად, დაკარგულია სწავლების თვალსაზრისით, გამომდინარე იქიდან, რომ დამამთავრებელი კლასია და ის მოსწავლეები, რომლებიც არ აპირებენ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ისტორია ჩააბარონ, ამ საგანს დროს აღარ უთმობენ“.

ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ სახელმძღვანელოების ავტორები დგანან რთული გამოწვევის პირისპირ, უახლესი ისტორიის საკვანძო მნიშვნელობის კომპლექსური პროცესი, მეორე მსოფლიო ომი გადმოსცენ ძალიან მცირე ფორმატში:

„ორ-ორ, სამ-სამ გვერდში უნდა ჩაეტიოს ტექსტიც, ილუსტრაციებიც, დამატებითი მასალებიც, სავარჯიშოებიც და ა.შ. ეს არის ძალიან რთულად შესასრულებელი ამოცანა და არ მგონია, ავტორთა რომელიმე ჯგუფი ამ ამოცანას გაუმკლავდეს ისე, რომ რაიმე პრეტენზია ან შენიშვნა არ დაიმსახუროს“.

თუმცა, ირაკლი ხვადაგიანისთვის პრობლემა მხოლოდ სახელმძღვანელოებისა და სწავლების ფორმა არ არის. მთავარ გამოწვევას ის სწორედ შინაარსში ხედავს:

„ცხადია, გამომცემლობებს არ დავასახელებ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ არის სახელმძღვანელოები, სადაც პირდაპირი საბჭოური კლიშეებია გადმოტანილი, როდესაც მეორე მსოფლიო ომზე საუბრისას, აქცენტი კეთდება ისევ 1941-1945 წლებზე. ეს არის სუფთა საბჭოური და შემდგომ უკვე რუსული ნარატივი და განზომილება, ე.წ. დიდი სამამულო ომის პერსპექტივაში დანახული პერიოდი. რომ მთავარი მოვლენები სწორედ ამ დროს ხდებოდა, რომ მთავარი ომი სწორედ ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოეთს შორის იყო გამართული. და ამის ფონზე სახელმძღვანელოებში მიფუჩეჩებული და იგნორირებულია 1939-1941 წლები. პერიოდი, როდესაც გერმანია და საბჭოთა კავშირი მოკავშირეები არიან და ერთად აჩაღებენ ამ ომს. სახელმძღვანელოებში მკაფიოდ არ ჩანს, რომ სწორედ საბჭოთა კავშირი და ნაცისტური გერმანია არიან ამ ომის გამჩაღებლები. მოსწავლეებს ალბათ ძალიან უჭირთ აღქმა, რომ საბჭოეთი იყო მეორე მსოფლიო ომის გამჩაღებლების ბანაკის ერთ-ერთი საკვანძო წარმომადგენელი. ეს ინფორმაცია მიწოდებულია ან ძალიან ზედაპირულად, ან ძალიან ტრაფარეტულად, რაც შემდეგ უკვე აჩენს აღქმის პრობლემას, თუ როგორ უნდა დავინახოთ საქართველოს, ჩვენი ერისა და საზოგადოების ადგილი გლობალური ომის შიგნით“.

ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ ისტორიის სახელმძღვანელოებში მხოლოდ ფრაგმენტულად, ქაოტურად და ღრმა კონტექსტის გარეშეა გადმოცემული საქართველოს კონტექსტი მეორე მსოფლიო ომში:

„მოყვანილია ცნობები მაგალითად, ქართველი ეროვნული გმირების შესახებ. რომ მაგალითად, საფრანგეთისთვის ეროვნული გმირია დიმიტრი ამილახვარი. ხოლო ფორე მოსულიშვილი ასეთივე გმირია იტალიისთვის. და რომ მაგალითად, ევროპაში ომის უკანასკნელი აკორდი იყო კუნძულ ტექსელზე ქართული ბატალიონის აჯანყება. სახელმძღვანელოებში არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ იბრძვიან ქართველები საფრანგეთში. ან იტალიაში რა უნდა ფორე მოსულიშვილს, საიდან აღმოჩნდა იქ? სრულიად უკონტექსტოდ, ზედაპირულად და სახელებისა და სიმბოლოების დონეზეა ერთმანეთში აზელილი ეს ფაქტები. ამ ყველაფრის სრულფასოვნად წარმოჩენა სალექციო კურსებშიც კი რთულია, მაგრამ ეს არის ამოცანა და გამოწვევა, რომ ეს პერიოდი, რაღაც დონეზე მაინც, შესაძლებლობების ფარგლებში, მწყობრად და მკაფიოდ გვქონდეს წარმოდგენილი სახელმძღვანელოებში როგორც ტექსტურად, ისე თანმხლები წყაროებით, დავალებებითა და სავარჯიშოებით“.

თუმცა, ისიც ფაქტია, რომ თანამედროვე სწავლების მეთოდები, რასაც საერთაშორისო პრაქტიკაც აჩვენებს, მოიაზრებს არა მხოლოდ სახელმძღვანელოს, როგორც ცალკე აღებულ რესურსს, არამედ ის ინტეგრირებულია ციფრულ რესურსებთან, ბაზებთან, ონლაინ პლატფორმებთან, რაც პედაგოგებისათვის საკმაოდ დიდი შესაძლებლობაა, რომ მოკლე დროში, საგაკვეთილო საათებში, სხვადასხვა პერსპექტივითა და ინტერპრეტაციით დაგეგმონ სწავლის პროცესი და მოსწავლეები დამოუკიდებელ მუშაობასა და მცირე კვლევების წარმოებას მიაჩვიონ.

სახელმძღვანელოსთან ერთად, სწორედ აქ იკვეთება მასწავლებლის როლი, რამდენად ფლობს ის დამატებითი რესურსების გამოყენების, განსხვავებულ წყაროებთან მუშაობის უნარს, რომელიც მოსწავლეებს პოზიციების ჩამოყალიბებასა და დისკუსიებში ჩაბმის შესაძლებლობას მისცემს.

მეორე მსოფლიო ომის მონაკვეთი კი სწორედ ამგვარი დისკუსიებისა და პოზიციების ჩამოყალიბებისა თუ შეჯერების საუკეთესო პერიოდად მიაჩნია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ისტორიკოსსა და პედაგოგს, დავით მალაზონიას.

მისი აზრით, ისტორიის თანამედროვე სახელმძღვანელოებში გადმოცემული მეორე მსოფლიო ომი პედაგოგებს მოსწავლეებთან ერთად აძლევს საშუალებას იმუშაონ პოზიციების შექმნაზე. მას მიაჩნია, რომ ეს პერიოდი ისტორიის სახელმძღვანელოებში სხვადასხვა პერსპექტივიდანაა დანახული და მოსწავლეებს ინფორმაციის მიღებასთან ერთად დისკუსიებში ჩართვის საშუალებას აძლევს:

დავით მალაზონია
დავით მალაზონია

„თუკი მაგალითად ავიღებთ მეცხრე კლასის სახელმძღვანელოს, იქ უფრო ნაკლებია ავტორისეული ნარატივი და უფრო მეტია კონკრეტული დოკუმენტები მოხმობილი წყაროების სახით, სადაც მოსწავლეს შეუძლია გარკვეული პოზიციების გაცნობა, მათ შორის, არა მხოლოდ საბჭოთა და მათი მოკავშირეების ბლოკის თვალთახედვით დანახული მეორე მსოფლიო ომის შესახებ. ორივე, მეცხრე და მეთორმეტე კლასის სახელმძღვანელოებშიც ნათლად იკითხება, რომ ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლა და მეორე მხრივ, ფრონტი, რომელიც ამ ბრძოლას ახორციელებს, არ არის ერთიანი. მაგალითად, ბრიტანეთისა და აშშ-ს მოკავშირეობა საბჭოთა კავშირის მიმართ, არ ნიშნავს მათი მხრიდან საბჭოთა სისტემის გაზიარებას ან საბჭოთა სისტემასთან მოკავშირეობას, არამედ ეს არის როგორც ნაციზმის წინააღმდეგ სიტუაციური კავშირი, რათა ერთობლივი ძალით დაამარცხონ ჰიტლერიზმი, ნაციზმი, როგორც მოვლენა“.

დავით მალაზონიას თქმითვე, მეცხრე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში, შესაბამისი მოცულობითაა წარმოდგენილი საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის დადებული თავდაუსხმელობის, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, რაც კარგად წარმოაჩენს, რომ საბჭოთა კავშირი იყო მეორე მსოფლიო ომის პირველ ეტაპზე, გერმანიის მთავარი მოკავშირე.

დავით მალაზონია განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს მეორე მსოფლიო ომში ქართველთა მონაწილეობის სხვადასხვა კონტექსტზეც:

„მოყვანილია ფაქტები იმ ქართველების შესახებ, რომლებიც იბრძოდნენ ნაციზმის წინააღმდეგ სხვა ქვეყნებში, მაგალითად, საფრანგეთში, პოლონეთში და ა.შ. გარდა ამისა, წარმოჩენილნი არიან ის ქართველებიც, რომლებიც იბრძოდნენ ნაცისტური გერმანიის რიგებში. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეს არ შეექმნას წინასწარი შთაბეჭდილება და განწყობა, სახელმძღვანელოში მოყვანილია მათი მიმართვაც, სადაც იკვეთება, რომ ისინი ამ გზით ფიქრობენ საბჭოთა ტოტალიტარიზმისგან საქართველოს გათავისუფლებას და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი იდეურად არიან ანტისემიტები ან ნაცისტური მიმდინარეობს მიმდევრები. ჩემი აზრით, თუკი მასწავლებელი ამ რესურსებს გამოიყენებს და თავადაც გაამდიდრებს სხვა წყაროებით, მოსწავლეს არ უნდა ჩამოუყალიბდეს აზრი, რომ მაგალითად, საბჭოთა კავშირი მისი ბედნიერი სამშობლოა. სკოლაში მიღებული ცოდნით უნდა ხვდებოდეს, რომ ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არ ნიშნავს საბჭოთა კავშირისა და სტალინური რეჟიმისთვის ბრძოლას. რომ მეორე მსოფლიო ომში ნაციზმს ბევრი პროგრესული სახელმწიფო დაუპირისპირდა“.

მიუხედავად იმისა, რომ დარგის სპეციალისტებმა შესაძლოა იდავონ, რამდენად საკმარისადაა მეორე მსოფლიო ომის პერიოდი გაშლილი სახელმძღვანელოებში, დავით მალაზონია თვლის, რომ მოსწავლეებისთვის მეორე მსოფლიო ომის შესახებ ინფორმაციის მიწოდება არ ხდება არც პრო-საბჭოური ანდა პირიქით, მის მიმართ მტრულად განწყობილი გზავნილებით და ავტორები ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებენ, რაც მათი ვალდებულებაა.

  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.  

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG