Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ სააკაშვილი: ყოველ ნახვაზე [მიხეილ სააკაშვილი] არის უარეს მდგომარეობაში


ედუარდ სააკაშვილი. 2021 წელი
ედუარდ სააკაშვილი. 2021 წელი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა მამა მოინახულა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. როგორც ის აცხადებს, ყოველ ნახვაზე მიხეილ სააკაშვილი უარეს მდგომარეობაშია.

„რაც დააკავეს მამაჩემი, რამდენჯერმე მქონდა მისი ნახვის შანსი. სამწუხაროდ, ყოველ ნახვაზე არის უარეს მდგომარეობაში, ვიდრე წინაზე, რაც ძალიან რთული, მტკივნეული საყურებელია. რეალურად ვართ ამ სიტუაციაში მთლიანად უძლურები, არაფრის უფლება არ გვაქვს მის მკურნალობასთან და მდგომარეობასთან მიმართებაში. ერთადერთი, ვისაც რამის გაკეთება შეუძლია, არის სახელმწიფო და მათ აქვთ პასუხისმგებლობა, რომ მას უმკურნალონ. პასუხისმგებლობა აქვთ მის ჯანმრთელობაზე", - თქვა ედუარდ სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტის შვილი გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ.

„რა თქმა უნდა, მე გახარებული ვარ ამ ეტაპზე, პოზიტიური სიგნალი არის, რომ შესთავაზეს გადასვლა, ვნახოთ ეს რას გამოიწვევს, რა შედეგამდე მივა. ეს, რა თქმა უნდა, პოზიტიური ნაბიჯია. მე როგორც ვიცი, ის აპირებს, რომ დათანხმდეს", - აღნიშნა ედუარდ სააკაშვილმა.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 10 მაისს, მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "მიხეილ სააკაშვილს, შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, გაუკეთდება შეთავაზება, რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა "ვივამედში", სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა“.

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა კობა ნაყოფიამ, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩასატარებლად გადაიყვანონ. თუმცა, არა დღეს, ვინაიდან დღეს მასთან მოსანახულებლად ოჯახის წევრები - დედა და ვაჟი შედიან. ამის თაობაზე ნაყოფიამ განაცხადა მას შემდეგ, რაც ციხეში მოინახულა მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა "ვივამედში" გადასაყვანად პირობები დაასახელა.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". კონსილიუმის წევრებმა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.

27 აპრილს გამოქვეყნებულ მათ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.

პარლამენტის დღევანდელ, 10 მაისის პლენარულ სხდომაზე, ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის დეპუტატებს და ხელისუფლებას მიმართა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად საპატიმროში საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტები შეეშვათ.

"მოგიწოდებთ, დაუშვით საერთაშორისო ექსპერტები ციხეში, მეორე - მაღალი რეპუტაციის მქონე კლინიკებიდან, საერთაშორისო ექიმები უნდა შევიდნენ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ, 10 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას აპირებენ.

"ჩვენ, დეპუტატები ოპოზიციიდან, ვაპირებთ თავდებობას მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე", - თქვა მან.

გუშინ, 9 მაისს, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან თავდებში ჩაუდგნენ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათი განცხადებით, სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ დაბრუნდებოდა საქართველოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG