Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი პოლკ "აზოვის" მებრძოლთა ცოლებს შეხვდა


რომის პაპი "აზოვის" მებრძოლთა ცოლებთან და პიოტრ ვერზილოვთან შეხვედრის დროს

რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანში პოლკ "აზოვის" ჯარისკაცების ცოლებს შეხვდა. ეკატერინა პროკოპენკოსა და იულია ფედოსიუკის ქმრები მარიუპოლის მეტალურგიულ ქარხანა "აზოვსტალში" არიან გამაგრებული თანამებრძოლებთან ერთად და ორ თვეზე მეტია ალყიდან იგერიებენ რუსეთის ჯარების შეტევებს.

სამხედრო მოსამსახურეების ცოლებმა პონტიფიკს უთხრეს, რომ ქარხანაში საკვები და წყალი აღარ დარჩა. "თქვენ ხართ ჩვენი ბოლო იმედი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენ შეძლებთ, იხსნათ მათი სიცოცხლე. გთხოვთ, ნუ დაუშვებთ მათ სიკვდილს", - უთხრა ერთ-ერთმა უკრაინელმა სტუმარმა რომის პაპს. ფრანცისკემ მათ მიუგო, რომ ლოცულობს მათთვის, ვინც "აზოვსტალში" იმყოფება.

პროკოპენკომ და ფედოსიუკმა რომის პაპს ქარხნიდან დაჭრილი ჯარისკაცების ფოტოები და მიმართვა გადასცეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამხედრო მოსამსახურეებმა ევაკუაციის შემთხვევაში იარაღი მესამე ქვეყანას უნდა გადასცენ. ცოლების თქმით, უკრაინელი სამხედროები არ შეიძლება ტყვედ ჩაბარდნენ რუსეთს, რადგან იქ მათ წამება და სიკვდილი ელოდებათ.

რომის პაპისა და "აზოვის" მებრძოლთა ცოლების შეხვედრას ვატიკანში "მედიაზონის" გამომცემელი პიოტრ ვერზილოვი ესწრებოდა. მან ფრანცისკეს ჰკითხა, შეუძლია თუ არა მარიუპოლში ჩასვლა. რომის პაპმა აღნიშნა, რომ ხალხის გადასარჩენად უკრაინის ტერიტორიაზე ვიზიტი მისთვის პრობლემა არ იქნება.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გააძლიერეს იერიში მარიუპოლის მეტალურგიულ ქარხანაზე, „აზოვსტალზე", სადაც კვლავ იმყოფებიან უკრაინელი მეომრები, რომელთა შორის ბევრია დაჭრილი და ასევე, ასამდე სამოქალაქო პირი.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ირინა ვერეშჩუკმა 10 მაისს განაცხადა, რომ ათასზე მეტი უკრაინელი მეომარი რჩება „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, რომელიც წინააღმდეგობის ბოლო კერაა თითქმის სამთვიანი მძიმე ბრძოლის შემდეგ, რამაც სრულიად გაანადგურა ქალაქი.

მართალია, იმ პირების უმეტესობა, ვინც არ არის ჩართული ბრძოლებში, გაყვანილია „აზოვსტალიდან,“ სულ მცირე, 100-მდე სამოქალაქო პირი იქ რჩება - განაცხადა ქალაქის მერის თანაშემწემ. სამოქალაქო პირების იქ ყოფნა არ ამცირებს ოკუპანტების მხრიდან თავდასხმებს - თქვა პეტრო ანდრიუშენკოს თანაშემწემ Telegram-ით.

რუსეთის არმიამ ვერ მოახერხა მარიუპოლის ოკუპაცია, რაც უკრაინას წაართმევდა სასიცოცხლო მნიშვნელობის ნავსადგურს და რუსეთს სახმელეთო დერეფანს მისცემდა ყირიმის ნახევარკუნძულისკენ და ასევე, გამოათავისუფლებდა ჯარის ნაწილებს სხვა ადგილებზე საბრძოლველად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG