Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა და რუსეთი "ძალიან რთულ" მოლაპარაკებას აწარმოებენ "აზოვსტალის" დაჭრილი მეომრების ევაკუაციაზე


ქარხანა "აზოვსტალი", მარიუპოლი
ქარხანა "აზოვსტალი", მარიუპოლი

უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებას აწარმოებს რუსეთის მხარესთან, მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნის, "აზოვსტალის" შენობაში მყოფი, 38 მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედროს შესაძლო ევაკუაციაზე.

ვერეშჩუკი ასახელებს დატყვევებული რუსი სამხედროების შესაძლო გაცვლას, თუმცა დასძენს, რომ მოლაპარაკება "ძალიან რთულია".

"ამჟამად მოლაპარაკება არ მიმდინარეობს 500 ან 600 ადამიანის გაცვლაზე, როგორც ამას ზოგიერთი მედიასაშუალება ამბობს", - თქვა ვერეშჩუკმა.

რუსეთის ძალების მიერ "აზოვსტალზე" შვიდი კვირის განმავლობაში მიმდინარე ინტენსიური შეტევის ფონზე ქარხნის შენობა უკრაინული წინააღმდეგობის ძლიერი სიმბოლო გახდა. "აზოვსტალში" დარჩენილი ბევრი სამოქალაქო პირის - ქალების, ბავშვების და ხანდაზმულების - ევაკუაცია მოხერხდა, თუმცა კიევი აცხადებს, რომ 100-დე ადამიანი, შესაძლოა, კვლავაც იმალებოდეს.

ვერეშჩუკმა 10 მაისს თქვა, რომ 1000-ზე მეტი უკრაინელი მეომარი რჩება "აზოვსტალში", წინააღმდეგობის ბოლო ბასტიონში, იმ ფონზე, როცა რუსეთის ალყამ და ინტენსიურმა ბრძოლამ მარიუპოლის დიდი ნაწილი მიწასთან გაასწორა. ვერეშჩუკის თქმით, "ასობით ... სერიოზულად დაჭრილი, ვისაც სასწრაფო ევაკუაცია ესაჭიროება" კვლავ შენობაშია და ვითარება "ყოველდღე უფრო მძიმდება".

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირაში აღიარა, რომ მის ძალებს არ შეუძლიათ მარიუპოლის ბლოკირების გარღვევა და თქვა, რომ მიმდინარეობს მზადება ევაკუაციის მეორე ეტაპისთვის, დაჭრილებისთვის და სამედიცინო პერსონალისთვის.

XS
SM
MD
LG