Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აზოვის" ერთ-ერთი მეთაური ადასტურებს, რომ "აზოვსტალზე" სახმელეთო შეტევა გრძელდება


დაბომბილი ადგილი მარიუპოლის ქარხანა "აზოვსტალის" ტერიტორიაზე. 2022 წლის 5 მაისი
დაბომბილი ადგილი მარიუპოლის ქარხანა "აზოვსტალის" ტერიტორიაზე. 2022 წლის 5 მაისი

უკრაინული პოლკის, „აზოვის“ მეთაურის მოადგილის, სვიატოსლავ პალამარის ინფორმაციით, მთელი გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა „აზოვსტალზე“ რუსეთის სამხედრო ძალების საავიაციო და საარტილერიო შეტევა. დღეს, 13 მაისს, პალამარმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“-ს უთხრა, რომ ამჟამად რუსები "აზოვსტალს" ხმელეთიდან უტევენ ჯავშანტექნიკის, ტანკების და არტილერიის გამოყენებით.

მანამდე, დღეს დილით, მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც, მისი ინფორმაციით, ასახავს „აზოვსტალის“ ქარხანაში რუსი სამხედროების შეღწევის მცდელობას.

"აზოვსტალზე" ინტენსიურ შეტევას ადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიც. თუმცა, მისი ინფორმაციით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებულია ქარხნის რაიონში მყოფი უკრაინული ქვედანაყოფების სრულ ბლოკირებაზე.

რუსული არმიის ალყაში მყოფი მარიუპოლის მეტალურგიული გიგანტის, კომბინატ "აზოვსტალის" ტერიტორიას უკრაინელი მებრძოლები ორ თვეზე მეტია იცავენ. მაისის დასაწყისიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უფრო ინტენსიური გახადეს "აზოვსტალზე" საჰაერო და სახმელეთო შეტევა. 10 მაისს უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა თქვა, რომ "აზოვსტალში" რჩება 1000-ზე მეტი უკრაინელი მეომარი.

მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიაზეა ასეულობით დაჭრილი სამხედრო და დაღუპულთა გვამები. 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ "აზოვსტალის" ტერიტორიაზე დაიღუპა პოლკ "აზოვის" ქართველი მებრძოლი, 27 წლის ტატო ბიგვავა.

რუსეთის სამხედრო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ბლოკადაში მოაქციეს უკრაინაზე თავდასხმიდან მალევე, 2022 წლის მარტიდან. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად, მარიუპოლი თითქმის მთლიანად განადგურებულია და დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. უკრაინის ხელისუფლება აღიარებს, რომ სამხედრო ძალით მარიუპოლის განბლოკვა ამჟამად შეუძლებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG