Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზმეინის სტრატეგიული შესაძლებლობები - აქილევსისა და რაკეტების ნაკვალევი პატარა კუნძულზე


ოდესის ოლქის კუნძულ ზმეინიზე (გველის კუნძული) ფეხის მოკიდება რუსეთის არმიის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად იქცა. უკრაინა 17 ჰექტარი მიწის დათმობას არ აპირებს და მის დასაბრუნებლად იბრძვის. 12 მაისს თანამგზავრიდან გადაღებულმა ფოტოებმა დაადასტურა კიდეც რუსეთის გარკვეული დანაკარგები. 

შავი ზღვის პატარა კუნძულის ამბავი მსოფლიომ ომის პირველ დღეებში გაიგო. უკრაინელი მესაზღვრის სიტყვები „რუსკი ვოენნი კარაბლ იდი ნა ხ..“ - სწორედ "ზმეინიდან" გაისმა და უკვე აპრილში უკრაინელებმა ის გემი - რუსეთის ფლოტის ფლაგმანი "მოსკვაც" ზღვის ფსკერისკენ გაუშვეს.

თუკი მიზანს მიაღწევს და რუსეთი დაპყრობილ კუნძულს შეინარჩუნებს, ის შავი ზღვის დასავლეთის სრულ გაკონტროლებას შეძლებს - საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მოლდოვას და ნატოსაც.

  • რით არის განსაკუთრებული - რას წარმოადგენს კუნძული „ზმეინი“?
  • რატომ სწირავს რუსეთის არმია თავის სამხედროებს პატარა კუნძულისთვის?

ბოლო კვირებში უკრაინული მხარე ავრცელებს ინფორმაციას, კუნძულ ზმეინიზე თუ მის მისადგომებთან რუსეთის არმიის საბრძოლო ტექნიკის, მათ შორის, გემებისა და კატერების განადგურების შესახებ. საომარი მოქმედებების გამო, ხშირად მსგავსი ცნობების გადამოწმება ვერ ხერხდება, თუმცა 12 მაისს გამოქვეყნებული მასალები ასეთ შესაძლებლობას გარკვეულწილად იძლევა.

აშშ-ის კერძო კომპანია „Maxar Technologies“-ის მიერ თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებში კარად ჩანს სავარაუდო სარაკეტო იერიშის ნაკვალევი და კვამლის ორი სვეტი, რუსეთის „სერნას“ ტიპის სადესანტო გემთან ახლოს.

ჩანს, რომ სავარაუდოდ სარაკეტო დარტყმის დროს, ეს გემი სავარაუდოდ კურსის მკვეთრად შეცვლას ცდილობდა.

კუნძული "ზმეინი"
please wait

No media source currently available

0:00 0:00:54 0:00

კუნძულთან ახლოს ჩანს ბარჟა და მის გვერდზე ჩაძირული მცურავი საშუალებაც შეინიშნება. ეს ობიექტი „Maxar Technologies“-ის მიერ იდენტიფიცირებულია როგორც „სერნას“ ტიპის სადესანტო გემი.

ჩაძირვის ზუსტი მიზეზი დაუდგენელია, მაგრამ კვირას, ოდესის ოლქის სამხედრო ხელმძღვანელობამ გაავრცელა ცნობები, რომ "ბაირაქთარების" გამოყენებით გაანადგურეს "რაპტორის" ტიპის ორი საპატრულო კატერი, "სერნას" ტიპის სადესანტო კატერთან ერთად.

თანამგზავრით გადაღებულ ფოტოებზე არ ჩანს რუსული გემი „ვსევოლოდ ბობროვი“, რომლის დაზიანების შესახებაც უკრაინულმა მხარემ ინფორმაცია ხუთშაბათს გაავრცელა. ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ბუქსირით ის სევასტოპოლისკენ გადაიყვანეს.

მანამდე, 12 მაისს, სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა ვიდეო, რომელიც გემის დაწვის პროცესს ასახავს; თუმცა ბევრი რამ ამ დრომდე კვლავ გაურკვევლად რჩება. ინფორმაციას არ ადასტურებს რუსეთის მხარე.

  • ზოგადად რუსეთი და უკრაინა ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობებს ავრცელებენ.
  • მაგალითად, რუსული მხარე არ ადასტურებს უკრაინის მხარის მტკიცებას, რომ მისმა შეიარაღებულმა ჯარებმა კუნძულზე გაანადგურეს რუსული ვერტმფრენი და სუ-27-ის ტიპის ორი თვითმფრინავით დაბომბეს კუნძული; ასევე გაანადგურეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "ტორი", 4 საზენიტო დანადგარი და რუსეთის არმიის 40 სამხედრო.
  • რუსეთი საკუთარ წარმატებულ იერიშებზე ლაპარაკობს და აცხადებს, რომ კუნძულთან გაანადგურა უკრაინის ორი ბომბდამშენი სუ-24, ერთი ვერტმფრენი მი-24, კატერები, ხომალდი და უკრაინის სადესანტო ჯგუფი.
  • უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყველა ცნობას კეტეგორიულად უარყოფს.
ზოგიერთი დეტალი კუნძულ ზმეინის შესახებ:
შავ ზღვაში მდებარე კუნძული ზმეინი („გველის კუნძული“) უკრაინის ოდესის ოლქის შემადგენლობაში ირიცხება და ქალაქ ოდესასთან 140 კილომეტრი აშორებს.
კუნძულის ფართობი 0,205 კვადრატული კილომეტრია (დაახლოებით 17 ჰექტარი), მაქსიმალური სიგრძე - 662 მეტრი. სიმცირის გამო, მას ზოგჯერ ფეხბურთის მოედანსაც უწოდებენ.
სოფლის სტატუსი აქვს კუნძულზე განთავსებულ დასახლებულ პუნქტს და ბელოე ეწოდება. ომამდე სოფელში ფუნქციონირებდა ფოსტა, მუზეუმი, ბანკი.
კუნძულზე ომამდე 50-მდე ადამიანი ცხოვრობდა.
ისტორიული წყაროების თანახმად, ძვ.წ.აღ. მე-6 საუკუნეში, აქ ძველმა ბერძნებმა ააშენეს „აქილევსის ტაძარი“, რომელსაც მკურნალის თვისებებს მიაწერდნენ. ეს ადგილი ტროის ომის გმირის - აქილევსის (ჰომეროსის „ილიადის“ მთავარი პერსონაჟი) სახლად მიიჩნეოდა.
კუნძულის სტატუსი ზმეინის 2009 წელს მიენიჭა, გაეროს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
საკითხი სასამართლოში რუმინეთსა და უკრაინას შორის საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებული დავის გამო მოხვდა. უკრაინისგან განსხვავებით, რუმინეთი ზმეინის კუნძულად არ მიიჩნევდა და შელფის ნაწილად განიხილავდა.
1980-იან წლებში, ზმეინისთან ახლოს, შელფზე, ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვანი მარაგი აღმოაჩინეს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ამბობს, რომ ზმეინი რუსეთის არმიას სამხედრო მიზნებისთვის არ გამოადგება, რადგან ტერიტორია ძალიან მცირეა.

თუმცა ბევრი იზიარებს განსხვავებულ შეფასებას, რომლის მიხედვითაც ამ პატარა კუნძულს საგანგებო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

რა შესაძლებლობებს იძლევა ზმეინი?

„უკრაინა იბრძოლებს კუნძულის ზმეინისთვის იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, გენერალ-მაიორ კირილ ბუდანოვის განცხადებას მისი უწყება ტელეგრამარხის საშუალებით ავრცელებს.

ტექსტის თანახმად, კუნძული სტრატეგიული მნიშვნელობისაა როგორც უკრაინისთვის, ასევე რუსეთის არმიისთვის, „რადგან ის იძლევა უკრაინის სამხრეთში არსებული ვითარების როგორც საზღვაო, ასევე, გარკვეულწილად - საჰაერო კონტროლის შესაძლებლობას“ და ასევე, ეს კუნძული „ხელსაყრელია რუსეთისთვის ტაქტიკური საზღვაო დესანტის გადასხმის თვალსაზრისით“.

გენერალ-მაიორ კირილ ბუდანოვზე დაყრდნობით, განცხადებაში ვკითხულობთ შემდეგს:

  • „თეორიულად ეს ერთადერთი რეგიონია, რომლის გავლითაც რუსი ოკუპანტები შეეცდებიან დესანტის გადასხმას [რუსეთის მიერ - რთ] მოლდოვის რეგიონში - ოკუპირებულ დნესტრისპირეთში“, - ვკითხულობთ ტელეგრამარხზე.
  • „მას, ვინც აკონტროლებს კუნძულს, შეუძლია ნებისმიერ დროს დაბლოკოს სამოქალაქო გემების მოძრაობა უკრაინის სამხრეთით, ნებისმიერი მიმართულებით“.

სამხედრო ექსპერტების შეფასებით, რუსეთმა ჯერჯერობით ვერ მოახერხა, რომ კუნძულ ზმეინიზე გაეშალა შორი მოქმედების ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელითაც მას დესანტის უპრობლემოდ გადმოსხმის შესაძლებლობაც მიეცემა.

ეს კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს შესაძლებლობას, რომ რუსი სამხედროები შეუერთდნენ დნესტრისპირეთში დისლოცირებულ სამხედრო კონტინგენტს და შემდეგ, ერთობლივი ძალით შეუტიონ ოდესას.

იქვეა ნატო

კუნძულ ზმეინიდან ნატოს წევრი ქვეყნის - რუმინეთის სანაპირომდე დაახლოებით 50 კილომეტრია.

სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ, მაგალითად, საზენიტო კომპლექს С-300-ის გამოყენებით რუსეთი შეძლებს საფრთხე შეუქმნას არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რუმინეთის და ზოგადად - ნატოს თავდაცვის სისტემებს, სამხრეთის ფლანგზე.

რუსეთში გეგმებს არც მალავენ

რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები ზმეინისთან დაკავშირებულ ამბებს ფართოდ აშუქებენ და ხაზს უსვამენ კუნძულის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

„რუკას თუ დავხედავთ, ვნახავთ, რომ ამ კუნძულიდან შეიძლება მთელი სანაპიროს კონტროლი - ოდესიდან იზმაილამდე. ის შესაძლებელია იქცეს პლაცდარმად რუსეთის არმიის სავარაუდო თავდასხმის პროცესში ოდესის ოლქზე და პირველ რიგში მის დასავლეთ ნაწილზე, რომელიც რუმინეთს ესაზღვრება“, - ეუბნება „რია ნოვოსტის“ სამხედრო-პოლიტიკური პრობლემების ცენტრის დირექტორი, ალექსანდრ პოდბერიოზნიკი და იქვე აზუსტებს, რომ ოდესისა და ნიკოლაევის მიმართულებით შეტევა გაცილებით მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, ვიდრე ხარკოვისა და კიევის მიმართულებებით.

რუსი ექსპერტის განმარტებით, ამ შეტევის წარმატება უზრუნველყოფს არა მხოლოდ უკრაინისთვის პორტების ბლოკირებასა და სხვა სახელმწიფოებთან საზღვაო კავშირის გაწყვეტას, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალების მომარაგების არხების გადაკეტვას და „მუშაობას შეწყვეტს, მაგალითად, ნატოს ცენტრი, რომელიც შავ ზღვაზე სიტუაციის კონტროლის მიზნით შეიქმნა“.

ექსპერტები შიშობენ, რომ კუნძულ ზმეინისთვის ბრძოლა შესაძლოა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს; თუმცა მათ დიდ ნაწილს ეჭვი ეპარება, რომ რუსეთს ამ ეტაპზე ამის გაკეთება შეუძლია.

სხვადასხვა წყაროს შეფასებით, რუსეთმა უკვე დაკარგა თითქმის 30% იმ რესურსისა, რომლითაც ის უკრაინაში ამ დრომდე იყო წარმოდგენილი. ექსპერტები მოელიან, რომ ახლო მომავალში, კრემლს პაუზის აღება მოუწევს, ხელახალი შეტევისთვის მოსამზადებლად.

პარალელურად, მათ შორის - რუსი ექსპერტებიც აღნიშნავენ, რომ დრო უკრაინის სასარგებლოდ მოქმედებს, დასავლური შეიარაღების მიღებისა და აშშ-ის ლენდ-ლიზის მოლოდინის პროცესში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG