Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იენს სტოლტენბერგი: უკრაინას რუსეთის ფედერაციასთან ომის მოგება შეუძლია


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ომში გამარჯვება.

ტელეკომპანია CNN-ის თანახმად, სტოლტენბერგმა ასეთი განცხადება ბერლინში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე გააკეთა. თავად სტოლტენბერგი, რომელიც წინა დღით კორონავირუსით დაავადდა, ამ შეხვედრაში მხოლოდ დისტანციურად მონაწილეობდა.

ნატოს გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ "უკრაინას ამ ომის მოგება შეუძლია", რადგან რუსეთის ფედერაციამ კიევი ვერ აიღო, ხარკოვიდან უკან იხევს და დონბასში მათი დიდი შეტევა შეფერხდა.

"უკრაინას შეუძლია ამ ომის მოგება. უკრაინელები გაბედულად იცავენ სამშობლოს", - დარწმუნებულია ნატოს გენერალური მდივანი.

რუსეთის არმიის ხარკოვის მისადგომებიდან უკუქცევის შესახებ ინფორმაცია წინა დღეებში არაერთი წყაროთი გავრცელდა.

რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა, დიდი ალბათობით, გადაწყვიტეს სრულად დაიხიონ ხარკოვის გარშემო გამაგრებული საკუთარი პოზიციებიდან, ამის შესახებ წერს ომის გამოძიების ამერიკული ინსტიტუტი. მათი ინფორმაციით, რუსეთი უკან იხევს, ერთი მხრივ, უკრაინის კონტრშეტევების და, მეორე მხრივ, შეზღუდული რესურსების გამო, - ნათქვამია ISW-ის კვლევაში.

ხარკოვიდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიც. მათი ცნობით, რუსული ძალები ხარკოვის მიმართულებით აქტიურ საომარ მოქმედებებს აღარ ახორციელებდნენ. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო ქალაქ ხარკოვიდან ჯარების გაყვანის უზრუნველყოფაზე, ოკუპირებული პოზიციებისა და მიწოდების მარშრუტების შენარჩუნებაზე.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG