Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუს სამხედროებს ხარკოვიდან უკან დაახევინეს


ფოტო არქივიდან: უკრაინის დროშა ხარკოვის თავზე. 2022 წლის 4 თებერვალი
ფოტო არქივიდან: უკრაინის დროშა ხარკოვის თავზე. 2022 წლის 4 თებერვალი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა რუს სამხედროებს ხარკოვიდან უკან დაახევინეს და რუსეთთან სახელმწიფო საზღვრამდე მივიდნენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ეს გააკეთა ტერიტორიული თავდაცვის ძალების 127-ე ბრიგადის 227-ე ბატალიონმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულია პრეზიდენტ ზელენსკისადმი სამხედროების მიმართვა. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ 15 მაისს რუსეთთან საზღვრამდე მივიდნენ და მათთან ერთად იმყოფებიან უკრაინელი მესაზღვრეები. "ჩვენ მოვედით, ჩვენ აქ ვართ", - მიმართავს უკრაინელი სამხედრო ვოლოდიმირ ზელენსკის. კადრში ჩანს საზღვრის აღმნიშვნელი ბოძი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხარკოვის ოლქიდან სამხედრო ძალების დახევის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

უკრაინის ხარკოვის ოლქი რუსეთის ბელგოროდის ოლქს ესაზღვრება. უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან, ხარკოვის ოლქი აქტიური საბრძოლო მოქმედებების ადგილი იყო.

რუსეთის სამხედრო ძალები ინტენსიურად ბომბავდნენ ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვს, სადაც ომის დაწყებამდე დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. 2022 წლის მარტის დასაწყისში, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხარკოვს მიანიჭა გმირი ქალაქის სტატუსი.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".

რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს.

XS
SM
MD
LG