Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო: რუსეთის პატრიარქის მილოცვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტისადმი ბადებს გაუგებრობას


საქართველოს საპატრიარქო, ფოტო არქივიდან
საქართველოს საპატრიარქო, ფოტო არქივიდან

საქართველოს საპატრიარქო განცხადებით ეხმაურება რუსეთის პატრიარქის, კირილის მილოცვას, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე. წ. არჩეული პრეზიდენტის, ალან გაგლოევისადმი. საქართველოს საპატრიარქო წერს, რომ სამწუხაროა, რომ იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს არსებულ მდგომარეობაზე და ართულებს ვითარებას.

"მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის აღნიშნული წერილი ბადებს გაუგებრობას, რადგან

ა. რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

ბ. საქართველოს ეკლესია, საქართველოს სახელმწიფო და საერთაშორისო საზოგადოებაც ცნობს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ ადმინისტრაციებს მიიჩნევს საოკუპაციო რეჟიმად.

სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობების გამყარების ყოველი მცდელობა უმნიშვნელოვანესია, იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც უარყოფითად მოქმედებს არსებულ მდგომარეობაზე და ართულებს ვითარებას", - წერს საქართველოს საპატრიარქო.

რუსეთის პატრიარქმა კირილემ 13 მაისს დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ალან გაგლოევს და "სულიერი და ფიზიკური სიძლიერე, მშვიდობა და ღვთის შეწევნა" უსურვა "სამხრეთ ოსეთის ხალხის წინაშე მომავალ მაღალ სამსახურში".

24 მაისს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ახალარჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის ინაუგურაცია გაიმართება და ამის შემდეგ ის "უფლებამოსილების" განხორციელებას დაიწყებს.

საქართველოს საგარეო სამინისტრომ დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და განაცხადა, რომ "მსგავსი უკანონო ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 9 მაისს გავრცელებული განცხადების თანახმად, „რუსეთის ოკუპაციისა და ადგილზე ეფექტური კონტროლის პირობებში, ვერავითარ არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ქართველთა ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი ჯერ კიდევ მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობას, ხოლო ადგილზე მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები უხეშად ირღვევა“.

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრმა ჯიმ რიშმა დაგმო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული არჩევნები.

XS
SM
MD
LG