Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დარტყმა პუტინის ფილოსოფიაზე" - მზადება გაფართოებისთვის და თურქეთის ოქროს ხმა ნატოში


ნატოს გაფართოების წინააღმდეგ მიმართული ულტიმატუმების შემდეგ, უკრაინაში დაწყებული ომით, რუსეთმა ისევ ნატოს გაფართოება დააჩქარა. ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივას ნატო „ისტორიულს“ უწოდებს და გრძელდება მოლაპარაკებები თურქეთთან.

მიუხედავად იმისა, რომ ნატოში მიღებას 30-ვე ქვეყნის თანხმობა სჭირდება, ხოლო ალიანსის წევრი თურქეთი ცალსახა მომხრე არ არის, ბრუსელში დარწმუნებული არიან, რომ ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პროცესს ვერაფერი დააბრკოლებს.

სკანდინავიის ამ ორ ქვეყნას ბლოკის წევრობაზე თებერვლამდე არც კი უფიქრია და მათი გადაწყვეტილება სწორედ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო შექმნილმა საფრთხემ განაპირობა.

  • შეუშლის თუ არა თურქეთი ხელს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას ნატოში?

„შესაძლებელია ეს [პრობლემა] იოლად მოგვარდეს. გაყარეთ თურქეთი და ერდოანი ნატოდან“, - დაწერა ტვიტერზე კანადელმა სენატორმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ლეო ჰაუსაკოსმა, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების თემაზე თურქეთის მიერ ბოლო დღეებში გამოთქმული, ბევრისთვის დამაფიქრებელი, პოზიციის ფონზე.

კანადელი სენატორი აღნიშნავს, რომ „ავტოკრატები და ხელისუფლებები, რომლებიც არ აღიარებენ საერთაშორისო სამართალს, არ უნდა იყვნენ ნატოში“.

თუმცა საკითხი ამ ეტაპზე ასე რადიკალურად არ დგას და ანალიტიკოსებისთვისაც ნათელია, რომ ალიანსის კარს მიღმა თურქეთის დატოვება არც ანკარას აძლევს ხელს და არც ნატო აპირებს, შეელიოს სამხედრო რესურსით მეორე ადგილზე მდგარ ძლიერ მოკავშირეს.

ამასთან, ანალიტიკოსების აზრით, გამიჯვნა იმდენ პრობლემას შექმნის, რომ გაცილებით უფრო ადვილი იქნება თურქეთის ახლა, ამ ეტაპზე დაყოლიება.

კვირას, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოხატა მტკიცე რწმენა, რომ საკითხი მოგვარდება.

„დარწმუნებული ვარ, გამოვნახავთ შეხების წერტილებს და კონსენსუსს, თუ როგორ უნდა გადავწყვიტოთ გაწევრიანების საკითხი“, - უთხრა ჟურნალისტებს იენს სტოლტენბერგმა, ონლაინჩართვისას, ბერლინში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში. მან თქვა, რომ - „შვედეთი და ფინეთი ნატოს უახლოესი პარტნიორები არიან“ და მათი გაწევრიანება იქნება „ისტორიული“ გადაწყვეტილება, რომელიც „გააძლიერებს [მოკავშირეების] საერთო უსაფრთხოებას“.

ფინეთმა 15 მაისს ოფიციალურად გამოაცხადა ნატოში გაწევრიანების განზრახვის შესახებ, როგორც შეთანხმებული გადაწყვეტილება მთავრობასა და პარლამენტს შორის.
16 მაისს კი, ამის შესახებ განაცხადა შვედეთმა. „ნატოში გაწევრიანება - საუკეთესო გზაა შვედეთის უსაფრთხოების დასაცავად, ძირეულად შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს ფონზე [უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ - რთ]“, - „ანადოლუს“ მოჰყავს ამონარიდი შვედეთის ხელისუფლების ოფიციალური განცხადებიდან.
იუწყებიან, რომ 16 მაისს, ნატოში გაწევრიანების საკითხი შვედეთის პარლამენტმა ფართო უმრავლესობით დაამტკიცა.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად საჭიროა სრული კონსენსუსი - 30-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა.

ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებების თანახმად, მეტ-ნაკლებად სკეპტიკურად არის განწყობილი მხოლოდ თურქეთი.

რა უნდა თურქეთს?

თურქეთი ყოველთვის უჭერდა მხარს ნატოს გაფართოებას და სხვადასხვა დროს, ანკარას გაკეთებული აქვს ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერი განცხადებებიც. თუმცა ამჯერად - ფინეთისა და შვედეთის მისამართით, მისი დამოკიდებულება ცალსახა არ არის.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოანმა ალიანსის წევრებს თავსატეხი 13 მაისს გაუჩინა.

„ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს დადებითი პოზიცია ფინეთისა და შვედეთის [გაწევრიანების] საკითხზე... [ეს ქვეყნები] არიან ტერორისტული ჯგუფების ერთგვარი სასტუმროები... ტერორიზმის მომხრეები ჰყავთ პარლამენტში. ჩვენ ვერ ვიქნებით პოზიტიურად განწყობილი ამასთან დაკავშირებით“, - თქვა ერდოანმა პარასკევს, 13 მაისს, სტამბოლში.

მაგრამ მეთვალყურეებისთვის აშკარაა, რომ მას შემდეგ, ანკარის პოზიციები შერბილდა.

14 აპრილს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თურქი ხალხის გულისწყრომას იწვევს ამ ორი ქვეყნის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მხარდაჭერა, „გვთხოვენ დავბლოკოთ მათი გაწევრიანება“, მაგრამ „ეს ის საკითხებია, რომლებიც უნდა განვიხილოთ ჩვენს ნატოელ მოკავშირეებთან და ასევე ამ ქვეყნებთან [ფინეთი, შვედეთი]“.

ასევე 14 აპრილს ჩავუშოღლუმ ტვიტერზე დაწერა, რომ ბერლინში, ნატოს მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა ფინელ და შვედ კოლეგებს.

ჩავუშოღლუს მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, საერთაშორისო მედიაში გამოიკვეთა გარკვეული მოთხოვნები, რის სანაცვლოდაც თურქეთი მხარს დაუჭერდა ახალ წევრებს:

  • "შვედეთმა და ფინეთმა უნდა შეწყვიტონ ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერა თავიანთ ქვეყნებში";
  • "წარმოადგინონ უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები";
  • "მოხსნან აკრძალვა თურქულ ექსპორტზე".

ტერორიზმის მხარდაჭერა მძიმე ბრალდებაა, მაგრამ სკანდინავიის ქვეყნები საკითხის გარკვევას ამჯობინებენ.

სააგენტო „ანადოლუს“ მოჰყავს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანა ლინდის სიტყვები - „ევროკავშირის მსგავსად, PKK ჩვენთვისაც ტერორისტული ორგანიზაციაა... თუკი ასეთი საკითხი წამოიჭრა, ეს განმარტებას მოითხოვს“.

ფინეთის, შვედეთისა და თურქეთის ლიდერები განაგრძობენ შეხვედრებს და 16 მაისს ცნობილი გახდა, რომ შვედეთი საგანგებო დელეგაციას აგზავნის ანკარაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოთქვა რწმენა, რომ გაფართოების საკითხზე ნატოში კონსენსუსი აუცილებლად იქნება მიღწეული.

რეჯებ ტაიპ ერდოანის 13 მაისის განცხადების შემდეგ, მალევე, თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ საკიმ განაცხადა, რომ აშშ თანამშრომლობს თურქეთთან სკანდინავიის ორი ქვეყნის პოტენციური გაწევრიანების საკითხზე.

თურქეთი უფრთხილდება ურთიერთობებს აშშ-სა და ნატოსთან.

ერდოანის მთავარმა მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იბრაჰიმ ქალინმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „მიმდინარეობს თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების პროცესის გაფართოება“. ის ამბობს, რომ „რთულ დროში“, ასევე ალიანსის გასაძლიერებელი სვლა იქნება F-16 ტიპის 40 ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავის მიყიდვა თურქეთისთვის. იბრაჰიმ ქალინი დასძენს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გადადგა ბევრი საჭირო ნაბიჯი კონგრესისგან თანხმობის მოსაპოვებლად.

ამავე ინტერვიუში ერდოანის მრჩეველი ამბობს, რომ თურქეთმა თავიდანვე დაგმო უკრაინაში ომის გაჩაღება, მაგრამ დაბალანსებული პოლიტიკის წარმოება იმისთვის შეარჩია, რომ დაპირისპირებულ მხარეებს ჰქონდეთ რომელიმე ქვეყნის ნდობა და შეძლონ მასთან დალაპარაკება.

თურქეთი მონაწილეობს უკრაინის შეიარაღების პროცესში, რისთვისაც რუსეთის უკმაყოფილებას იწვევს; ხოლო სანქციებზე უარის თქმისთვის, მას დასავლეთში აკრიტიკებენ.

თუკი თურქეთი დაბლოკავს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას, ანალიტიკურ წრეებში კარგად ესმით, რომ ეს რუსეთისთვის გაკეთებული საჩუქარი იქნება; რადგან ნატოს გაფართოება მტკივნეულია მოსკოვისთვის.

რუსეთის სურვილების საპირისპიროდ

რუსეთი ნატოსთან მიმართებით კარგავს იმ პოზიციებსაც კი, რაც ომის დაწყებამდე ჰქონდა.

თუკი ომის დაწყებამდე ვლადიმირ პუტინი მკაცრად და ამბიციურად მოითხოვდა ნატოსგან წერილობით დაპირებას - გაფართოების აღკვეთისა და ალიანსის საზღვრების 1997 წლის პოზიციებზე დაბრუნების შესახებ, დღეს ალიანსი მის თვალსა და ხელს შუა ფართოვდება.

ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ ფინეთის ნატოში გაწევრიანება განსაკუთრებით მწარე იქნება რუსეთისთვის, რადგანაც, რუსიფიკაციის უშედეგო მცდელობების მიუხედავად, მოსკოვი ფინეთს დღემდე რუსეთის ვირტუალური იმპერიის შემადგენლობაში მოიაზრებს.

თებერვალში, ომამდე 2 კვირით ადრე, მედია საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მიაწერდა უკრაინის შესაძლო „ფინლანდიზაციაზე“ მსჯელობას და იყო ლაპარაკი იმის შესახებაც, რომ კრემლი უკრაინისთვის სწორედ „ფინეთის მოდელის“ მორგებას ცდილობდა. „ფინლანდიზაციის“ ხსენება კიევში შეურაცხყოფად აღიქვეს, რადგან ცივი ომის დროინდელი ეს ტერმინი კრემლის ნებაზე დამოკიდებულებასაც გულისხმობს.

1939-1940 წლების ომის შემდეგ, საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის, 1948 წელს, დაიდო ხელშეკრულება - ფინეთი ნატოს მიღმა დარჩა და მომავალი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანა ნეიტრალურ კურსს ინარჩუნებდა.

„ჩრდილოეთში [სკანდინავია] მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ მსოფლიოს აღარ ეშინია მისი [პუტინის რუსეთის] - მან უკვე დაკარგა საბოლოოც [საყრდენი], რაც ჰქონდა სამხედრო საფრთხობელების სახით... ნატოსთან საბრძოლველად ის არ არის მზად“, - აცხადებს იუთუბარხ „Популярная политика“-სთან რუსი პოლიტოლოგი დმიტრი ორეშკინი და იქვე დასძენს, რომ, საპასუხო დარტყმის შიშით, არ მოელის რუსეთის მხრიდან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას.

„კოლოსალური დარტყმა პუტინის მთელ ფილოსოფიაზე“, „პუტინის საგარეო პოლიტიკის სრული მარცხი“, - ასე აფასებს ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესაძლო გაწევრიანებას ემიგრანტი რუსი პუბლიცისტი, პოლიტიკური ანალიტიკოსი ანდრეი პიანტკოვსკი.

აშშ-ის სენატში რესპუბლიკელების ლიდერის, მიტჩ მაკკონელის სიტყვებზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს ცნობას, რომ ფინეთის განაცხადის რატიფიცირებას კონგრესი აგვისტოს არდადეგებამდე შეეცდება.

სააგენტოს ინფორმაციით, სენატორმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა 16 მაისს, ჰელსინკიში, ფინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG