Accessibility links

site logo site logo

პური მართლა არ გაძვირდება? - იაფი ფქვილის პლუსები და მინუსები


გაძვირდება თუ არა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები და რაზეა ეს დამოკიდებული? დღეს საქართველოში ფქვილი საკმარისადაა, თუმცა ხორბალი თითქმის აღარ შემოდის. მთავრობა ირწმუნება, რომ რადგან ფქვილი არის, პურის ფასი არ აიწევს, მაგრამ დარგის მცოდნეები ერთ აზრზე არ არიან.

დღეს საქართველოში ხორბლის შემოტანა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ფქვილის, რის გამოც იმპორტიორები პირდაპირ ფქვილს ყიდულობენ. 2022 წლის მარტში საქართველოში სულ 9 963 ტონა ხორბალი შემოვიდა, რაც 2,3-ჯერ ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რამ გამოიწვია განსხვავება ფასებში? 2021 წლის 2 ივნისს რუსეთმა ხორბალზე მცურავი ბაჟი შემოიღო, ფქვილზე კი არა. მცურავი ბაჟი ყოველ კვირას იმისდა მიხედვით იცვლება, თუ რა ფასი აქვს ხორბალს მოსკოვის ბირჟაზე. თავდაპირველად ტონა ხორბალი 25 დოლარი ღირდა, მაგრამ ეკონომიკური კრიზისის და განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის კვალდაკვალ ხორბალი და, შესაბამისად, ბაჟიც გაძვირდა. დღეს მცურავი ბაჟი ერთ ტონა ხორბალზე თითქმის 5-ჯერ მაღალია და 120 დოლარს აღწევს.

„რუსეთში წისქვილკომბინატებისთვის ხორბალი არის უფრო იაფი, ვიდრე ჩვენთვის, ვინც ბაჟი უნდა გადავიხადოთ. ამიტომ რუსული წისქვილკომბინატები იაფ ხორბალს რომ ფქვავენ, ფქვილი უფრო იაფია, ვიდრე ჩვენ რომ შემოვიტანოთ და აქ დავფქვათ. ერთ ტომარა ფქვილზე 3-4 ლარის სხვაობა გამოდის“, - ამბობს ლევან სილაგავა, „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი.

იმისთვის, რომ წისქვილკომბინატების მუშაობა არ შეფერხდეს, „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“ ხელისუფლებას სთხოვს, ხორბლისა და ფქვილის შემოტანის პირობები ერთმანეთს დაუახლოოს, ანუ ფქვილის შემოტანაზეც დაწესდეს მოსაკრებელი.

როდესაც წისქვილკომბინატები კონკურენტულ გარემოში მუშაობენ, ისინი ხალხსაც ასაქმებენ, ხორბლისგან ფქვილსაც უშვებენ, ქატოსაც უშვებენ და ბიუჯეტშიც ფული შეაქვთ. იმპორტის შემთხვევაში ეს ყველაფერი რუსეთის ან იმ ქვეყნის ბიუჯეტში შედის, საიდანაც ფქვილი მოაქვთ“, - ამბობს ლევან სილაგავა.

საქართველოში 70-მდე წისქვილკომბინატია, აქედან 50 -მდე სეზონურად ფუნქციონირებს, დანარჩენები კი - მუდმივად. ამჯერად წისქვილკომბინატები ძველებური დატვირთვით ვეღარ მუშაობენ, - წისქვილკომბინატები გადაერთვნენ ფქვილის შემოტანაზე, რადგან აქვთ ეს ქსელი. მაგრამ თუ საშუალო სიდიდის წისქვილს 100-150 კაცი სჭირდებოდა, ფქვილის იმპორტს დასჭირდება 5-10 კაცი. თუმცა, ჯერჯერობით წისქვილები ამ ხალხს ინარჩუნებენ, იმიტომ რომ ჯერ მთავრობისგან გვინდა პასუხი“.

რამდენიმე თვის წინ შეიქმნა სამმხრივი ჯგუფი, რომელშიც ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენელები არიან ჩართული. ლევან სილაგავა ამბობს, რომ ამ ჯგუფმა უკვე თავი ამოწურა და საჭიროა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, რადგან მისი გადასაწყვეტია ეს სიტუაცია“.

მთავრობაში ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მთავარია ქვეყანაში პური იყოს და არ გაძვირდეს.

„დარგის წარმომადგენლები ითხოვენ ფქვილზე გადასახადის შემოღებას, ხომ? - რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევს პურის ფასის ზრდას. ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის, არც ჩვენი ხალხის, ჩვენი მოსახლეობის ინტერესებში შედის“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილიც აცხადებს, რომ ფქვილის იმპორტისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა მიუღებელია.

იაფი ფქვილი გადაგვარჩენს?

წარმოების ხელშესაწყობად, გადასახადები უფრო დაბალი საწარმოო ციკლში უნდა იყოს, ვიდრე მზა პროდუქტის იმპორტისთვის. ახლა პირიქით ხდება, რაც საბოტაჟია და მეტი არაფერი
გია ხუხაშვილი

მთავრობა ირწმუნება, რომ დღეს პურის გაძვირების წინაპირობა არ არსებობს და, სავარაუდოდ, არც მერე იარსებებს. პრემიერის თქმით, ქვეყანაში ფქვილის საკმარისზე მეტი მარაგია, თან ივლისში საქართველო ხორბლის საკუთარ მოსავალსაც აიღებს.

თუმცა, ლევან სილაგავა ამბობს, რომ საქართველოში მოწეული ხორბალი ქვეყანას თვე-ნახევარი თუ ეყოფა. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 94% რუსეთზე მოდიოდა.

გააძვირებს თუ არა ხორბალსა და ფქვილს შორის გადასახადების დაბალანსება პურს? „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ არა, რადგან ფქვილი უკვე ისედაც ძვირია. „პურის მცხობელთა ასოციაციაში“ კი სხვა აზრზე არიან:

ისე გაძვირდება, როგორც დაგიბარებიათ. უკვე ფქვილი გაძვირდა, მარტო იმის გაგებაზე, რომ ხორბალი არ არის. არ იცით, როგორც ხდება?!“ - ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ თუ მონოპოლია ფქვილის შემომტანებს დარჩათ, პურის გაძვირებას თავიდან მაინც ვერ ავიცილებთ.

„წისქვილკომბინატები თუ გაჩერდა საქართველოში და იმპორტი გახდა მონოპოლისტი, ფასებს ესეც გაზრდის. ეს იმპორტიორების მოგონილი არასწორი ლოგიკაა. ისინი არ არიან დაინტერესებულები, რომ აქ წარმოება მუშაობდეს. ღარიბაშვილის ეს არგუმენტი ან შეგნებული სიცრუეა, ან არაკომპეტენტურობა, - ამბობს გია ხუხაშვილი, - წარმოების ხელშესაწყობად, გადასახადები უფრო დაბალი საწარმოო ციკლში უნდა იყოს, ვიდრე მზა პროდუქტის იმპორტისთვის. ახლა პირიქით ხდება, რაც საბოტაჟია და მეტი არაფერი“.

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ“ დღეს პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ მიმართა თხოვნით, შეხვდეს და მისცეს იმ ვარიანტების წარდგენის საშუალება, რომლებიც, მათი აზრით, პრობლემას მოაგვარებდა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    თეა თოფურია არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2012 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG