„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას თბილისში აქციის მონაწილეები აპროტესტებენ.
მედიის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული დემონსტრაციის მონაწილეებმა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე მსვლელობა მოაწყვეს. მოქალაქეთა ნაწილი ამ წუთებში „მთავარი არხის" შენობისკენ მიემართება.
მედიის სოლიდარობის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი რადიო თავისუფლებასთან აცხადებს: „ჩემი მიზანი არის სოლიდარობა ნიკას მიმართ, სუფთა ადამიანურად და მეგობრულად; მეორე - სოლიდარობა კოლეგის და კოლეგა არხის მიმართ; მესამე - ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ნიკას დაჭერა, ეს არ არის ერთი ადამიანის პრობლემა, ეს არის ღია განაცხადი, რომ მივდივართ რუსეთში. დაუშვებელია მედიის მენეჯერის ასეთი შეთითხნილი ბრალდებით დაჭერა, რაც ყველამ იცის, რომ შეთითხნილია, მათ შორის, „ოცნების“ წევრებმა. ჩვენ თუ ამას დავუშვებთ, ამ ქვეყანაში ცხოვრებას აზრი აღარ აქვს. ამიტომ, უნდა ვიბრძოლოთ. არ ვიცი შედეგი როდის და როგორ იქნება, მაგრამ მე მივყვები პროცესს“.მწერალმა ლაშა ბუღაძემ, რომელიც მსვლელობის მონაწილეა, გვითხრა, რომ ბრალდება, რომლის საფუძველზეც ნიკა გვარამია დააკავეს, „აბსურდია, მაგრამ შევეჩვიეთ ამ აბსურდს, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ერთი კაცის ახირებულ სამყაროში და საშიშ სამყაროში - ეს არის ივანიშვილი. პირადი ბოღმა არის განხორციელებული ივანიშვილის მხრიდან მისი ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსის, ნიკა გვარამიას მიმართ“.
როგორც ბუღაძე აღნიშნავს, გვარამიას დაკავება არის პოლიტიკური გზავნილი ივანიშვილის მხრიდან ქართული საზოგადოების და დასავლეთის მიმართ, რომ „ჩვენ არ ვართ ევროპული ქვეყანა, როგორმე დასავლეთმა ხელი ჩაიქნიოს ჩვენზე და უფრო შევიდეთ ამ პლანეტარული მარგინალის, პუტინის აგონიურ რუსულ სივრცეში“.
16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
გვარამიასთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და საპატიმრო სასჯელს უკანონოდ, პოლიტიკურად მოტივირებულად და დამოუკიდებელი მედიისთვის საფრთხის შემცველად აფასებენ უფლებადამცველი ორგანიზაციების, მედიასაშუალებების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. თავის მხრივ, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს უწოდეს სამართლებრივი და ნიკა გვარამიასა და კრიტიკული მედიის პოლიტიკური დევნა გამორიცხეს, რადგან, მათი განცხადებით, "მთავარი არხი" საქმიანობას უპრობლემოდ განაგრძობს.
დაწერეთ კომენტარი