Accessibility links

site logo site logo

ზელენსკი: დონბასში ჯოჯოხეთია


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 2022 წლის 16 მაისი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯოჯოხეთი უწოდა იმას, რაც დღეს დონბასში ხდება. 19 მაისს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ თქვა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ წინსვლას ხარკოვის ოლქის გასათავისუფლებლად, თუმცა, რუსეთი ცდილობს დონბასზე ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერებას.

„იქ ჯოჯოხეთია და ეს არ არის გადაჭარბება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისი თქმით, სევეროდონეცკის სასტიკი და სრულიად უაზრო დაბომბვის შედეგად, მხოლოდ ერთ დღეში დაიღუპა 12 მშვიდობიანი მოქალაქე და ათეულობით დაიჭრა და დიდი მსხვერპლია ჩერნიგოვის სოფელ დესნაზე სარაკეტო დარტყმის შედეგადაც.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, ოდესის ოლქსა და ცენტრალური უკრაინის ქალაქებზე მუდმივ დარტყმებს და დონბასის სრულად დანგრევას რუსეთისთვის არ აქვს და ვერ ექნება სამხედრო თვალსაზრისით ვერანაირი ახსნა.

ვიდეომიმართვამდე რამდენიმე საათით ადრე, უკრაინელ სტუდენტებთან ვიდეოკონფერენციის ფორმატით კონტაქტისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევის ოლქის დეოკუპაციის შემდეგ, კიევში გაჩნდა შეგრძნება, რომ ომი აღარ არის, მაგრამ რეალობა სხვაა. უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, ომის ფინალური სტადია ყველაზე რთული და სისხლიანია და საზღვარგარეთ მყოფ უკრაინელებს ვერ მოუწოდებს სახლში დაბრუნებისკენ, რადგან ომი არ დასრულებულა.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად". რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს დასავლეთის არაერთი სახელმწიფო, განსაკუთრებით აშშ და დიდი ბრიტანეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG