Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თავისუფლება უკრაინას! - დაღესტნის ერთ-ერთი სკოლის კურსდამთავრებულმა საზეიმო შეხვედრაზე ანტისაომარი ლოზუნგები წამოიძახა


ლენინის ძეგლი. დაღესტნის ქალაქი იზბერბაში
ლენინის ძეგლი. დაღესტნის ქალაქი იზბერბაში

22 მაისს სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ისმის ახალგაზრდა გოგოს ხმა: „არა ომს!“ „თავისუფლება უკრაინას!“ „პუტინი - ეშმაკი!“ და რომელზეც ასახულია სკოლის დამთავრებისადმი მიძღვნილი შეკრება.

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის, „კავკაზ.რეალიის“ თანახმად, არ არის დადგენილი, კონკრეტულად რომელ სკოლაშია გადაღებული ვიდეო, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეს ქალაქ იზბერბაშის ერთ-ერთი სკოლაა. ვიდეოჩანაწერზე არ ჩანს ასევე კურსდამთავრებული, რომელმაც ლოზუნგები წამოიძახა.

ამავე ცნობით, მოზარდის და მისი დედის მიმართ აღძრულია ადმინისტრაციული საქმე. ოფიციალურ ორგანოებს მომხდარის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ. დაღესტანში ხელისუფლების მომხრე ტელეგრამ-არხების თანახმად, კურსდამთავრებული გოგონას მიმართ აღძრულია საქმე მუხლით, რომლითაც ისჯება რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიმართულებით ჩადენილი საჯარო ქმედება. დედის მიმართ საქმე აღძრულია მუხლით, რომელიც ეხება არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენლებს, ვინც არ შეასრულებს არასრულწლოვანის მოვლის და აღზრდის ვალდებულებას.

ამ არხებმა გამოაქვეყნეს მოწაფის მონაცემები და მისი ფოტო, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა.

დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარზე უარს ამბობს. „კაკვაზ.რეალიის“ აცნობეს“, რომ მომხდარს სწავლობენ. განათლების სამინისტროში წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მათთან მივიდა და ისინი საქმეს სწავლობენ:

„რაც ამ ეტაპზე ვიცით, ისაა, რომ გოგონამ ეს გააკეთა თანაკლასელებთან კამათის შემდეგ. ანუ ეს მისი პოზიცია კი არ არის, არამედ საყმაწვილო ასაკის ბრალია“.

რუსეთის დუმამ 4 მარტს მიიღო კანონი იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული წესით დაისჯებიან, ვინც რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიმართულებით საჯარო ქმედებას ჩაიდენენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG